შოთა ბურჯანაძე - ჩვენი მოთხოვნა თუ არ იქნა შესმენილი, 200 კი არა, 1 000 რესტორანი იქნება ღია და მომხმარებელი ისე შევა, ვერავინ დააჯარიმებს, არავის ვაშინებ, უბრალოდ, ვერ მიაგნებენ
„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან არის მიდგომა, თითქოს ბიზნესი განყენებულია, რომელმაც მხოლოდ თანხები უნდა იხადოს ბიუჯეტში და ის მოსახლეობასთან ვერ იგივდება, რომ ამ სფეროში ადამიანები არიან, რომლებიც ოჯახებს 200 ლარით ვერ კვებავენ.
„სუბსიდირება ბიზნესს და მფლობელებს კი არ სჭირდება, არამედ 200 000 ადამიანს სჭირდება შესაძლებლობა, რომ იცხოვროს. 250 000 ადამიანს სჭირდება გადაადგილების საშუალება და იმის საშუალება, რომ იკვებოს. ეს ადამიანები ორი წელი ვერ იცხოვრებენ ორას ლარად. ბატონმა ამირან გამყრელიძემ უნდა დაუწესოს, ამ ადამიანებმა როგორ უნდა იცხოვრონ და ეპიდემიასთან როგორი თანაცხოვრება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, როგორც ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, თუ ხელისუფლებამ რესტორატორთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, 200 000 ადამიანი არსებულ რეალობას ვერ გადაიტანს.
„თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნა შესმენილი, დამერწმუნეთ, 200 კი არა, 1000 რესტორანი იქნება გაღებული და იქ მომხმარებელი შევა ისე, რომ ვერავინ დააჯარიმებს. დამერწმუნეთ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვაშინებ. უბრალოდ, ვერ მიაგნებენ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.