შორეულ წარსულში ირმის ნახტომმა მეზობელი გალაქტიკა შეჭამა — ვარსკვლავი, რომელიც ამ ამბავს გვიყვება
2018 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, თანამგზავრ გალაქტიკასთან შეჯახებამ ირმის ნახტომს რაღაც საინტერესო დამართა — გაბერა მისი დისკო და ჰალოში ვარსკვლავები შემოიტანა. ამჯერად, მეცნიერებმა ამ მოვლენის ზუსტი დრო განსაზღვრეს, რაც ერთი ვარსკვლავის დამსახურებით მოახერხეს.
ეს ვარსკვლავი სამხრეთის ღამის ცაზეც ჩანს. უწოდებენ ნიუ უნდის (HD 211998) და მდებარეობს ჩვენგან 94 სინათლის წლის მანძილზე, ინდოელის თანავარსკვლავედში. გალაქტიკური რუკის ზუსტი მონაცემების, სპექტროსკოპიის, ვარსკვლავური კინემატიკისა და ასტროსეისმოლოგიური მონაცემების კომბინირებით ამ ვარსკვლავზე მიმდინარე დაკვირვებებმა ჩვენი გალაქტიკის სასტიკი წარსული გამოავლინა.
თანამგზავრ გალაქტიკას გაია-ენცელადი (იგივე სოსისის გალაქტიკა) ერქვა და უდიდესი თანამგზავრი გალაქტიკა იყო, რომელიც ვიცით, რომ ირმის ნახტომმა შეჭამა. მისი აღმოჩენა ხომალდ გაიას გალაქტიკური კატალოგიზაციის მონაცემებში მოხერხდა; ეს პროგრამა დღემდე გრძელდება და ქმნის ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უზუსტეს 3D რუკას.
მონაცემები მოიცავს ვარსკვლავების საკუთარ მოძრაობასაც, რამაც ფრთხილი კვლევის დროს გამოავლინა ვარსკვლავთა პოპულაცია, რომლებიც ერთად მოძრაობენ, შეჯახების ბიძგით. შემდგომმა ანალიზებმა აჩვენა, რომ შეჯახება 8-11 მილიარდი წლის წინ მოხდა.
მათ შორის არის ნიუ ინდიც — ბებერი, ლითონებით მწირი ვარსკვლავი, რომელიც ზომით მზეზე დაახლოებით სამჯერ დიდია, მაგრამ აქვს მისი მასის მხოლოდ 85 პროცენტი. მისი ქიმიური შემადგენლობის სპექტროსკოპიული ანალიზები მიუთითებს, რომ ის აქ, ირმის ნახტომში დაიბადა. თუმცა, როგორც გაიას მონაცემებიდან ირკვევა, გალაქტიკის მასშტაბით მისი მოძრაობა გაია-ენცელადის შეჯახებამ შეცვალა.
ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს ბილ ჩაპლინის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ნიუ ინდის მოძრაობა გაია-ენცელადის შეჯახებამ შეცვალა, ის მაშინ უნდა მომხმდარიყო, როცა ვარსკვლავი დაიბადა. შესაბამისად, თუ ვარსკვლავის ასაკს დაადგენ, დაახლოებით გაიგებ შეჯახების დროსაც.
ამ მხრივ გარკვეული ცნობები შეიძლება მოგვცეს მეტალიანობამ, ანუ რამდენად მდიდარია ვარსკვლავი მეტალებით. ცნობილია, რომ ლითონები იქამდე არ არსებობდა, ვიდრე გარკვეული ვარსკვლავები არ მოკვდნენ, რადგან მძიმე ელემენტები სწორედ მათ წარმოქმნეს სუპერნოვად აფეთქების დროს. ეს ელემენტები შემდეგ ჩაერთო შემდეგი თაობის ვარსკვლავების წარმოქმნაში. ის ფაქტი, რომ ნიუ ინდის მზის რკინის შემცველობის მხოლოდ 3 პროცენტი აქვს, იმაზე მიუთითებს, რომ ის საკმაოდ ბებერია.
ვარსკვლავის ზუსტი მახასიათებლების გამოვლენა შეუძლია ასტროსეისმოლოგიას; მეთოდი ეფუძნება ვარსკვლავის რხევათა სიხშირეს, ანუ პულსაციებს მათ ინტენსივობაში. ეს რხევები მჭიდროდ არის დაკავშირებული ვარსკვლავის წიაღის თვისებებთან, მაგალითად, სიმკვრივესთან და აკუსტიკურ პროფილთან; ეს მახასიათებლები კი თავის მხრივ დაკავშირებულია მასასთან და ასაკთან.
2006 წელს ჩატარებული ასტროსეისმოლოგიური კვლევით, ნიუ ინდის ასაკი 9 მილიარდი წლით შეფასდა. თუმცა ამჯერად, ვარსკვლავის სუსტი პულსები გაცილებით მძლავრმა ინსტრუმენტმა შეისწავლა — TESS-მა, ნასას პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც 2018 წელს გაუშვეს. TESS-ის ასტროსეისმოლოგიური მონაცემები კი მიუთითებს, რომ ნიუ ინდი 11 მილიარდი წლისაა.
მკვლევართა თქმით, გამოდის, რომ შეჯახება 11,6 – 13,2 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო.
ეს დასკვნა ამაღელვებელია არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ აჩვენებს, თუ რამდენად უნივერსალური და მძლავრია TESS-ი, არამედ იმ მხრივაც, თუ რამდენი სხვადასხვა ტექნიკის ჩართვა გახდა საჭირო ამ შედეგამდე მისაღწევად. TESS-ი ფაზლის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო.
ვარსკვლავურმა კინემატიკამ, ვარსკვლავების მოძრაობის კვლევამ და ასტრომეტრიამ, ანუ ვარსკვლავთა პოზიციების გაზომვამ აჩვენა, თუ რამდენად გადაიხარა ნიუ ინდი თავის ნორმალური ორბიტიდან. სპექტროსკოპიამ, ანუ სინათლის სპექტრის ანალიზებმა, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, რომელ სინათლეს შთანთქავენ ან გამოყოფენ ესა თუ ის ელემენტები — გამოავლინა ვარსკვლავის ქიმიური შეამდგენლობა.
და ბოლოს, ნიუ ინდის წყალობით, უკეთესად გავერკვიეთ ირმის ნახტომის ევოლუციის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენაში.
„ეს კვლევა წარმოაჩენს TESS-ის ასტროსეისმოლოგიური პოტენციალს და ნათლად გვაჩვენებს რა არის შესაძლებელი, როცა ხელთ გვაქვს სხვადასხვა მოწინავე მომაცემები ერთი კონკრეტული, კაშკაშა ვარსკვლავის შესახებ“, — ამბობს Ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბილ ჩაპლინი.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.