შორეულ ვარსკვლავთან ორი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს - ერთ მათგანზე, სავარაუდოდ, წყალია
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ შეგროვილი მონაცემების გამოყენებით ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ეგზოპლანეტა K2-18b, რომელიც ასტრონომებს აქამდე პატარა ეგონათ, სინამდვილეში დედამიწის ზომის უნდა იყოს.
კიდევ უფრო ამაღელვებელი კი ისაა, რომ იგივე მკვევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ პლანეტას მეზობელიც ჰყავს.
„K2-18b-ს მასისა და სიმკვრივის გაზომვა ურთულესი იყო, მაგრამ ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენა ნამდვილად იღბლიანი და არანაკლებ ამაღელვებელი შემთხვევაა“, — ამბობს კვლევის ავტორი რაიან კლუტიე, მონრეალის უნივერსიტეტის ეგზოპლანეტათა კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი.
ორივე პლანეტა გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს, რომელიც მდებარეობს 111 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში. პლანეტა K2-18b 2005 წელს აღმოაჩინეს; მაშინვე დადგინდა, რომ მოძრაობდა თავის დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში და შესაბამისად, იდეალური კანდიდატი იყო, რათა ზედაპირზე თხევადი წყალი ჰქონოდა — საკვანძო ელემენტი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობისთვის.
მკვლევრებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მძებნელის (HARPS) მონაცემები, რომელიც იყენებს ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებულ ESO-ს 3,6-მეტრიან ტელესკოპს. HARPS-ი საშუალებას იძლევა გაიზომოს ვარსკვლავების რადიალური სიჩქარეები, რაზეც გავლენას ახდენენ მათთან არსებული პლანეტები; ეს ხელსაწყო უზუსტესია ამჟამად არსებულთა შორის. შესაბამისად, ამ ინსტრუმენტის წყალობით, შესაძლებელია ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი ძალიან პატარა პლანეტების აღმოჩენაც კი.
იმის გასარკვევად, პლანეტა K2-18b უფრო დედამიწის ვერსია იყო (კლდოვანი) თუ ნეპტუნის (გაზის), მკვლევრებმა პირველ რიგში გაარკვიეს პლანეტის მასა, რისთვისაც HARPS-ის რადიალური სიჩქარის მონაცემები გამოიყენეს.
„თუ დაადგენ მასასა და რადიუსს, გაარკვევ პლანეტის სიმკვრივესაც, შემდეგ კი გაიგებ თუ რისგან შედგება პლანეტა“, — ამბობს კლუტიე.
მას შემდეგ, რაც მასის გასარკვევად მანქანური სწავლების მიდგომა გამოიყენეს, კლუტიემ და მისმა ჯგუფმა შესძლეს განესაზღვრათ, რომ თავად პლანეტა ძირითადად კლდოვანია, აქვს აიროვანი მცირე ატმოსფერო — დედამიწის მსგავსად, მაგრამ ზედაპირის ძალიან დიდი ნაწილი ან მთლიანად, დაფარულია წყლით ან ყინულის სქელი ფენით.
„ამჟამინდელი მონაცემებით, შეუძლებელია ვიპოვოთ განსხვავება ამ ორ შესაძლებლობას შორის, მაგრამ როცა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გაეშვება, შევძლებთ ატმოსფეროს შესწავლას და ვნახოთ, მას ვრცელი ატმოსფერო აქვს თუ უბრალოდ წყლით დაფარული პლანეტაა“, — ამბობს კლუტიე.
ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს NASA 2019 წელს გაუშვებს და შეაგროვებს მონაცემებს მზის სისტემის, ადრეული სამყაროსა და ეგზოპლანეტების შესასწავლად.
„ამ ტელესკოპზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ძალიან დიდი გულისყურით უნდა შეირჩეს დასაკვირვებელი ეგზოპლანეტა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი რენე დუაიონი, რომელიც იქნება ჯეიმს ვების ბორტზე განთავსებული კანადის კოსმოსური სააგენტოს ინსტრუმენტის — JWST-ის მთავარი მკვლევარი.
„K2-18b ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნეა ატმოსფერული კვლევებისთვის. ის ნამდვილად მოექცევა სამიზნეთა სიის სათავეში“.
K2-18b-ს მონაცემების კვლევისას, კლუტიემ რაღაც უჩვეულო შენიშნა. გარდა იმისა, რომ K2-18-ის ბრუნვის შედეგად სიგნალი გამოიყოფოდა ყოველ 39 დღეში და ერთი სიგნალიც K2-18b-ის ორბიტიდან მოდიოდა ყოველ 33 დღეში, მან შენიშნა, რომ ყოველ ცხრა დღეში გამოიყოფოდა განსხვავებული სიგნალიც.
„როდესაც მონაცემები პირველად გნავათავსეთ მაგიდაზე, ვცადეთ გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე. უნდა დარწმუნდე, რომ სიგნალი მხოლოდ ხმაური არაა, ამის დასამტკიცებლად კი საჭიროა სათუთი ანალიზი, მაგრამ პირველადი სიგნალის ხილვა კარგი მინიშნება იყო იმისა, რომ იქ სხვა პლანეტაც არსებობდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა K2-18c უფრო ახლოსაა თავის დედავარსკვლავთან, არის საკმაოდ ცხელი და არაა სასიცოცხლო ზონაში, როგორც ჩანს, K2-18b-ის მსგავსად ისიც სუპერდედამიწაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს დედამიწის მასა.
მომზადებულია umontreal.ca-ს მიხედვით