დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივს მთელი დღის განმავლობაში მიაგებენ.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა.
ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.
2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.
412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 ათასი განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.