ფაქტები და ფოტოები - 10 წელი აგვისტოს ომიდან
ფაქტები და ფოტოები - 10 წელი აგვისტოს ომიდან

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 ათასი განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.

2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აგვისტოს მძიმე დღეების ქრონოლოგიაა გადმოცემული. გთავაზობთ ორი დღის მოვლენათა ოფიციალურ ქრონოლოგიას – ეს არის ნაწილი იმ ფაქტებისა, როგორ მოქმედებდა 10 წლის წინ ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე.

7 აგვისტო

„ღამისა და ადრიანი დილის განმავლობაში, ინტენსიური ცეცხლი წამოვიდა სოფლებიდან ხეთაგუროვო, დმენისი და უბიათი. სეპარატისტებმა განაგრძეს ქართველი კანონის აღმასრულებლების და მშვიდობისმყოფელების მძიმე დაბომბვა ნაღმტყორცნებით და არტილერიით. ცენტრალური ხელისუფლება პასუხობს ლიმიტირებული ცეცხლით პოზიციების დაცვის მიზნით.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ დილის ინტერვიუში, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ჯარს, იგი შეუდგებოდა მათგან „ტერიტორიის გაწმენდას“.

გორში სამხედრო ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების სანახავად იყო მისული, თქვა, რომ ქართულ სოფლებზე თავდასხმის მიუხედავად, თბილისი იჩენდა მაქსიმალურ თავშეკავებას. სააკაშვილმა ასევე მოუწოდა რუსეთს გაეწვია თავისი „ოფიციალური პირები“ „სამხრეთ ოსეთიდან“, ვინც საკუთარ თავს „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობას უწოდებენ.

თემურ იაკობაშვილმა მოინახულა კონფლიქტის ზონა 7 აგვისტოს, რათა შეხვედროდა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს. სახელმწიფო მინისტრს შეხვდა შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი, მაგრამ დე ფაქტო რეჟიმმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე. სეპარატისტული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ანატოლი ბარანკევიჩმა დაიმუქრა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის კაზაკები მოემართებოდნენ სამხრეთ ოსეთისკენ ქართული არმიის წინააღმდეგ საომრად.

16:00 საათისათვის სეპარატისტებმა განაახლეს ქართული სოფლების ნულის და ავნევის დაბომბვა. ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. სეპარატისტების საპასუხოდ ქართველებმა სოფელი ხეთაგუროვოს მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 2 ოსი მილიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა. მოგვიანებით, ქართველი სამშვიდობოების გამშვები პუნქტი დაბომბეს ავნევში, რის შედეგადაც დაიღუპა რამოდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.

ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, ცეცხლი შეეწყვიტა ცალმხრივად, რათა გაეფანტა დაძაბულობა, განაცხადა რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე 6:40 საათზე. იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ უკავშირდებოდა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს.

17:10 პირდაპირ სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება ქართულ ჯარს შეეწყვიტა ცეცხლი. მან განაცხადა, რომ იყო მსხვერპლი, როგორც დაჭრილები, ასევე გარდაცვლილები. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიზანმიმართულად, რათა კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ოსეთის მხარისთვის დიალოგის განსაახლებად. ქართული მხარის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართული სოფელი ავნევი კიდევ ერთხელ დაიბომბა დაახლოებით 8:30 საათზე. შეიძლება ითქვას, რომ სოფელი მთლიანად იქნა განადგურებული. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველების მიერ კონტროლირებად სოფელ ფრისს 10:30 საათზე. შეტევის შედეგად რამდენიმე ქართველი დაიჭრა.

23:30 საათისთვის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა ყველა ქართულ პოზიციას ქალაქ ცხინვალის ირგვლივ, სოფელ თამარაშენის და ქურთას ჩათვლით. ძლიერი დაბომბვების შედეგად პოლიციის შენობა ქურთაში მთლიანად იქნა განადგურებული.

ადგილობრივი მცხოვრებლებიდან თვითმხილველების თქმით, 9:45 საათზე სამხედრო თვითმფრინავმა (სავარაუდოდ რუსულმა, რომელიც შემოფრინდა „სამხრეთ ოსეთის“ მხრიდან) ჩამოაგდო 3-5 ბომბი სოფელ შავშების ახლოს, საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრის მოშორებით“.

8 აგვისტო

22:40 თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსულმა თვითმფრინავებმა მთლიანად დაარღვიეს ქართული საჰაერო სივრცე 22-ჯერ.

22:15 ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების ტიპი და ადგილმდებარეობა არ არის ჯერ დადგენილი.

21:45 პოლიციელები და რეზერვისტები, რომლებიც იმყოფებოდნენ ზნაურის სკოლის შენობის ირგვლივ, ცხინვალიდან დასავლეთით 5 კილომეტრის სიშორეზე, გადარჩენილნი არიან სამოქალაქო ძალების მიერ.

21:11 სეპარატისტთა მეთაურები აცხადებენ, რომ ჰყავთ 1400 დაღუპული და დაჭრილი ადამიანი. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულ სამშვიდობოებს შორის 10 დაღუპულია.

20:30 ცხინვალში სასტიკი შეტაკების შედეგად, ქართული ძალები იწყებენ ქალაქის ცენტრიდან გამოსვლას და იკავებენ პოზიციებს მის სამხრეთ საზღვრებთან. რუსული ტანკები შედიან ცხინვალის აღმოსავლეთ ნაწილში.

19:20 2 რუსული თვითმფრინავი გაივლის ამბროლაურზე, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 170 კილომეტრის სიშორეზე მდებარეობს და კონფლიქტის ზონის გარეთაა.

18:45 გორის ქართული საარტილერიო ბრიგადა დაბომბილია 5 რუსული თვითმფრინავის მიერ.

18:44 რუსული ტანკების კოლონა, რომელსაც გადმოაქვს ავტომობილები, დატვირთული სხვადასხვა სახის იარაღით აღწევენ ცხინვალის რეგიონს ძარას გზის საშუალებით, ცხინვალიდან დასავლეთით 2 კილომეტრის სიშორეზე. რუსები ხსნიან ინტენსიურ ცეცხლს ცხინვალსა და მეზობელ მაღლობებზე განლაგებული ქართული ძალების წინააღმდეგ. მეორე ავტოკოლონა, რომელიც ასევე ჩამოვიდა რუსეთიდან, როკის გვირაბის საშუალებით, გაჩერებულია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად არეალში, დმანისში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით 7 კილომეტრის სიშორეზე და რუსები ძლიერ ცეცხლს ხსნიან ქართული ძალების წინააღმდეგ.

18:32 ფრონეს ხეობა, ცხინვალის ჩრდილო აღმოსავლეთი, იმყოფება მძიმე არტილერიული ცეცხლის ქვეშ რუსეთის მხრიდან. სოფლები ანვერი და ფრისი ცხინვალის რეგიონში იბომბებიან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.

17:35 თბილისიდან 20 კილომეტრის სამხრეთით და კონფლიქტური რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე მარნეულის სამხედრო საჰაერო ბაზა იბომბება მესამეჯერ, რის შედეგადაც 1 ადამიანია გარდაცვლილი და 4 დაჭრილი. სამჯერადი დაბომბვის შედეგად, 3 იქ მდებარე AN-2 ტიპის თვითმფრინავები და სამხედრო მანქანები განადგურებული არიან.

17:00 მეორეჯერ იბომბება მარნეულის სამხედრო საჰაერო ბაზა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი.

16:30 რუსეთის ავიაცია ბომბავს მარნეულის და ბოლნისის სამხედრო საჰაერო ბაზებს, დაახლოებით თბილისის სამხრეთით, ქალაქიდან 20 და 35 კილომეტრის დაშორებით. ამის შედეგად 2 დამდგარი თვითმფრინავი იქნა განადგურებული. დამატებით, 3 შენობა იქნა განადგურებული და არის მსხვერპლი.

16:30 2 რუსული თვითმფრინავი შემოდის ჩრდილოეთიდან საქართველოს საჰაერო ზონაში. კიდევ ერთი ჯავას ტერიტორიაზე დაფრინავს. კიდევ 2 მიფრინავს ჩეჩნეთის მიმართულებით.

16:00 საათისთვის დაახლოებით 40 ადამიანი – პოლიციის ოფიცერი და რეზერვისტი ზნაურის სკოლაში ხაფანგში არიან მოქცეული.

15:30 ოსი სეპარატისტები ანადგურებენ 3 ქართულ ტანკს ძარის გზაზე.

15:05 რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შემოდის საქართველოში თეძამის მხრიდან, გორის სამხრეთიდან, და აგდებს 2 ბომბს ვაზიანის სამხედრო აეროპორტზე.

14:30 ცხინვალის თითქმის 100% ქართული ჯარის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მხოლოდ რამდენიმე პატარა დაჯგუფება უწევს მათ წინააღმდეგობას.

14:15 საქართველოს მთავრობა აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ცხინვალის დატოვების საშუალება მიეცეს. სეპარატისტებს ჩაბარების შემთხვევაში ამნისტიის საშუალება და ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ.

13:00 ცხინვალის ნაწილს აკონტროლებს ქართული ჯარი და ბრძოლა ცენტრში გრძელდება.

12:05 რუსეთიდან ერთი სუ-24 შემოდის საქართველოს საჰაერო სივრცეში და რჩება ცხინვალის საჰაერო სივრცეში 12:15 საათამდე.

12:00 საათისთვის, 8 ქართველი (6 სამხედრო და 2 მოქალაქე) დაიღუპა და 87 დაიჭრა. 1 ამუნიციით დატვირთული სამხედრო სატვირთო მანქანა არის განადგურებული.

11:45 სამოქალაქო ავიაციის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ცნობით, მიღებულია სიგნალი დამტვრეული საჰაერო ობიექტისაგან (სავარაუდოდ, რუსული საომარი თვითმფრინავი) იურის ტერიტორიასთან ახლოს.

11:45 4 სუ-24 რუსული მოიერიშე თვითმფრინავები შემოდიან საქართველოში სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მხრიდან, კოდორის გვირაბის ჩრდილო აღმოსავლეთიდან და კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარედან. 2 მათგანი უვლის თბილისს და მარნეულის ტერიტორიას 2 წრეს არტყამს. დანარჩენი 2 წრეს გუდაურის ტერიტორიას არტყამს.

10:57 6-დან 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ბომბებს აგდებს გორში. ერთი მათგანი ვარდება სტადიონთან ახლოს, მეორე კი გორიჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და მესამე – არტილერიის ბრიგადაზე.

10:50 6 სუ-24 მოიერიშე თვითმფრინავი შემოდის როკის უღელტეხილიდან.

10:30 რუსეთის სუ-24 ბომბავს სოფელ ვარიანის და სოფელ ქარელის რაიონებს, თბილისიდან 74 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ.  ამის შედეგად დაჭრილია 7 მშვიდობიანი მოსახლე.

9:45 რუსეთის სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი აგდებს 3-5 ბომბს ფოთისა და თბილისს შორის ტრასაზე და საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრში მდებარე სოფელ შავშვებს.

9:00 საათისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სოფელ გრომს, არწევს, წინაგარას, ზნაურს, სარაბუკს, ხეთაგუროვოს, ატოცის, ქვემო ოკუნას, დმენისს, მუგუთს და დიდმუხას.

8:00 რუსეთის ჯარის პირველი ჯგუფი და გუფთას ხიდი არის განადგურებული საქართველოს საჰაერო ბომბარდირების მეშვეობით. მოგვიანებით, რუსეთის ჯარის კიდევ 2 ჯგუფი შემოდის „სამხრეთ ოსეთში“ როკის გვირაბით, რომელიც აერთებს რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გუფთას ხიდის გადაკვეთა, რომელიც განადგურებულია და ჩანაცვლებულია გერი-დმენისის გზით.

5:30 პირველი რუსეთის ჯარები შემოდიან როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთში, გადიან ჯავას, კვეთენ გუფთას ხიდს და ზარას გზით მიემართებიან ცხინვალის მიმართულებით.

4:28 საათისთვის საქართველოს შეიარაღებული ჯარები აკონტროლებენ 6 სოფელს ცხინვალის რეგიონში: მუგათი, დმენისი, დიდმუხა, ოკონა, აკუტი და კოხათი.  არის ცნობილი, რომ ქართული ჯარები სოფელ ხეთაგუროვოში შედიან“.

ფოტოები – ზურაბ ქურციკიძე

დატოვე კომენტარი