ჯუანშერ ბურჭულაძემ და თეა ახვლედიანმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ჯუანშერ ბურჭულაძემ და თეა ახვლედიანმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გორში, შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

იმ ადგილზე, სადაც 13 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ უმცროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.