ირაკლი ღარიბაშვილი - შინდისის ბრძოლა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა
ირაკლი ღარიბაშვილი - შინდისის ბრძოლა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა

შინდისის ბრძოლა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისში, მემორიალთან განაცხადა.

„შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს მადლობას ვეუბნებით, რომ ასეთი შვილები აჩუქეს სამშობლოს.

ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს. ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვუხდი მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ. იმ ადგილზე, სადაც 12 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან გადაიხადეს დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. ასევე, შინდისის მემორიალთან მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა ახვლედიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს. მინისტრებმა ბრძოლის ადგილი იმ ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს, რომლებმაც 2008 წლის 11 აგვისტოს რამდენიმე დაჭრილი სამხედრო შეიფარეს და მათი გადარჩენა შეძლეს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.