შესყიდვების სააგენტო - 2017 წელს გამარტივებული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა
შესყიდვების სააგენტო - 2017 წელს გამარტივებული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა

2017 წელს გამარტივებული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაანალიზა სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების 2017 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში (მას შემდეგ რაც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად სააგენტო ითანხმებს გამარტივებულ შესყიდვების ცალკეულ საფუძვლებს) სახეზეა გამარტივებული შესყიდვების საგრძნობი კლება, კერძოდ:

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2017წელს გამარტივებული შესყიდვების ჯამური თანხობრივი ოდენობა, რომელშიც შედის კანონით დადგენილი გამარტივებული შესყიდვის ყველა საფუძვლით განხორციელებული შესყიდვები, შეადგენს სახელმწიფო შესყიდვების დაახლოებით 24%-ს, რაც2016 წლის მონაცემთან  შედარებით 13%-ითნაკლებია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი თქმით, საგულისხმოა, რომ შემცირება თანხობრივი მაჩვენებლის გარდა შეეხო ასევე რაოდენობრივ მაჩვენებელსაც, სახელდობრ: 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანხმობის გაცემის მიზნით შემოსულია 3271 მომართვა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან (2016 წელს ეს ციფრი შეადგენდა 3760-ს) შედარებით შემცირებულია 14%-ით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემოსული მომართვების20%-თან მიმართებაში სააგენტომ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული SMP მოდული იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მათი საფუძვლიანობის შემთხვევაში იზიარებს და ითვალისწინებს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის თაობაზე გამოცემული არცერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მომავალშიც განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს გამარტივებული შესყიდვების შემდგომი შემცირების  მიზნით, რათა ობიექტური გარემოებების გარდა, არ იქნას დაშვებული შესყიდვის ზემოაღნიშნული საფუძვლით გამოყენება“ – აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.

დატოვე კომენტარი