„შენების მოძრაობა“ - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დაასრულოთ გაუაზრებელი და პოპულისტური თავდასხმა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე
„შენების მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე გადასვლა არათუ დროული, დაგვიანებულიცაა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საზოგადოებამ უნდა გაზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს რეფორმის კორექტირება და არა მისი ტორპედირება.
„საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 18%-ის ოდენობით, რათა საპენსიო შენატანის ჩათვლით ფინანსური ტვირთი არ გასცდეს 20%-ს. მომზადდეს და განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სწრაფ განვითარებას, როგორც საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელ პარალელურ ღონისძიებას. საპენსიო რეფორმას უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი! მნიშვნელოვანია, რომ მასში სრულად იყვნენ ინტეგრირებული არამარტო ოფიციალურად დასაქმებული პირები, არამედ-ყველა დასაქმებული მოქალაქე. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც სავალდებულო საპენსიო სქემაში სრულყოფილ მონაწილეებად აქცევს კერძო საპენსიო-სადაზღვევო ინსტიტუციებს. ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეები უკეთ გაერკვნენ რეფორმის არსში“, – აცხადებენ „შენების მოძრაობაში“.
როგორც „შენების მოძრაობაში“ აცხადებენ, თუ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ განხორციელდება, რამდენიმე წელიწადში იქნება კატასტროფულ ფისკალურ სურათს.
„შეიქმნება სავალალო მდგომარეობა. ქვეყნის ბიუჯეტი საპენსიო ვალდებულებების შესრულებას ვერ გაუძლებს. აქედან გამომდინარე, „შენების მოძრაობა“ ყველა მხარეს მოგიწოდებთ, დაასრულოთ გაუაზრებელი მიდგომა და პოპულისტური თავდასხმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიმართ. ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი ამ პროცესის სწორად და ეფექტურად გაგრძელებას“, – აცხადებენ „შენების მოძრაობაში“.