საპენსიო სააგენტო - საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა
საპენსიო სააგენტო - საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის პირველი იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8 პროცენტი, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4 პროცენტი შეადგინა.

როგორც საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5 პროცენტი განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5 პროცენტი ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6 პროცენტი განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 13.5 პროცენტი ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7 პროცენტი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.9 პროცენტი გლობალურ აქციებში, 0.9 პროცენტი ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4 პროცენტი არის განთავსებული.

2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.78 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონი ლარი.