საპენსიო სააგენტო - 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ - 4.4 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგებმა კი 856.7 მილიონი ლარი შეადგინა
საპენსიო სააგენტო - 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ - 4.4 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგებმა კი 856.7 მილიონი ლარი შეადგინა

31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ – 4.4 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 856.7 მილიონ ლარს მიაღწია, – აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 477 ათასი ადამიანია.

„საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთი მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა.

პორტფელების მიხედვით, დეკემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) – 1.17%; დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები – 1.39%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) – 1.30%; დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები – 1.46%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) – 1.37%“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება აქციების პორტფელს, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ 2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა.

„დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს.

განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდა. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.

31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% – განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% – ევროპაში“, – აღნიშულია ინფორმაციაში.