შემდეგ კვირაში, ჯეიმს ვების ტელესკოპი ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლის, იქამდე კი NASA თიზერ ფოტოს აქვეყნებს — #1tvმეცნიერება
შემდეგ კვირაში, ჯეიმს ვების ტელესკოპი ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლის, იქამდე კი NASA თიზერ ფოტოს აქვეყნებს — #1tvმეცნიერება

12 ივლისს NASA კაცობრიობის ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ ღრმა კოსმოსისთვის გადაღებულ პირველ ფოტოს გამოაქვეყნებს; იქამდე კი სააგენტო ე. წ. თიზერ სურათს აქვეყნებს.

10 მილიარდ დოლარად შეფასებულ ტელესკოპზე მუშაობა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალი გადადების შემდეგ, NASA-მ ის 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა. ამჟამად ის მზის გარშემო, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს. უზარმაზარი ძირითადი სარკეებისა და ინფრაწითელ დიაპაზონზე ფოკუსირებული ინსტრუმენტების წყალობით, ვები გაიხედავს სამყაროს ისეთ ნაწილებში, სადაც ჯერ არც ერთ ტელესკოპს არ შეუხედავს.

სატესტო ფოტო 32 საათის განმავლობაში გადაღებული 72 კადრისგან შედგება და ასახავს შორეულ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა კრებულს.

NASA-ს განცხადებით, ფოტო კიდეებთან ცოტა ცუდი ხარისხისაა, მაგრამ მაინც წარმოადგენს სამყაროსთვის ამ დრომდე გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფოტოს და გვთავაზობს მაცდურ მინიშნებას იმისა, რაც შეიძლება მომავალ კვირებში, თვეებში და წლებში ვიხილოთ.

ვების მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჯეინ რიგბის განცხადებით, სურათზე გამოსახული მკრთალი ბურთულები ზუსტად იმ ტიპის მკრთალი გალაქტიკებია, რომლებსაც ვები სამეცნიერო ოპერაციათა პირველ წელიწადში შეისწავლის.

NASA-ს ადმინისტრატორის, ბილ ნელსონის განცხადებით, ტელესკოპი შეისწავლის მზის სისტემის ობიექტებს და სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს, მოგვცემს მინიშნებებს იმის შესახებ, ჰგავს თუ არა მათი ატმოსფეროები დედამიწისას.

„ტელესკოპმა შეიძლება პასუხი გასცეს უმნიშვნელოვანეს კითხვებს: საიდან მოვდივართ? კიდევ რა არის ჩვენს იქით? ვინ ვართ? და რა თქმა უნდა, ზოგიერთ ისეთ კითხვასაც, რომლებიც შეიძლება ჯერ არც კი გაგვჩენია“, — ამბობს ნელსონი.

ინფრაწითელ შესაძლებლობათა წყალობით, ვები ის დროში ძლიერ უკან, დიდი აფეთქების ეპოქაში გაიხედავს, თითქმის 13,8 მილიარდი წლის წინ.

ვინაიდან სამყარო ფართოვდება, ყველაზე ადრეულ ვარსკვლავთა სინათლე ულტრაიისფერიდან და ხილული სინათლიდან წაინაცვლებს უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში — რომელთა დაფიქსირებაც ვებს უპრეცედენტო რეზოლუციით შეუძლია.

ამ დროისათვის, ყველაზე ადრეული კოსმოლოგიური დაკვირვებები ჩატარებულია დიდი აფეთქებიდან 330 მილიონი წლის შემდეგ პერიოდზე; თუმცა, ვები ამ რეკორდს მოხსნის.