შეკვეთილის მუსიკოსთა პარკი ავსტრიელი ხელოვანის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მოძრავ გამოფენას - „ბუნების სტუმარს“ მასპინძლობს
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე სოციალური სივრცე ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მოძრავ გამოფენას – „ბუნების სტუმარს“ მასპინძლობს. გამოფენა საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ინიციატივით იმართება.
ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები ეკოლოგიური თემატიკის ნახატებს მოიცავს. ღონისძიება საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თომას მიულმანის მიმართვით გაიხსნა, რომელიც ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. ამის შემდეგ შეკრებილ აუდიტორიას სახელმწიფო გურიის მხარეში რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ და გამოფენის კურატორმა, მარიამ შერგელაშვილმა მიმართეს.
პარალელურად, სოციალურ სივრცესთან შეკრებილ ადამიანებს „ბუნების სტუმრის“ ფარგლებში გამოფენილი ნამუშევრები დათვალიერების საშუალება ჰქონდათ. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სოციალური სივრცის სცენა ავსტრიელი მუსიკოსისა და ეკოაქტივისტის, მანუ დელაგოს პერფორმანსს დაეთმო. ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.