შეიძლება თუ არა ქირურგიული ნიღბების მრავალჯერადი გამოყენება — რამდენიმე რჩევა მეცნიერებისგან #1tvმეცნიერება
შეიძლება თუ არა ქირურგიული ნიღბების მრავალჯერადი გამოყენება — რამდენიმე რჩევა მეცნიერებისგან #1tvმეცნიერება

ჯანდაცვის უწყებები გვირჩევენ, რომ COVID-ის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იარაღი — ქირურგიული ნიღაბი ერთჯერადად გამოვიყენოთ და შემდეგ გადავაგდოთ. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემები ზოგიერთ მეცნიერს ამ რეკომენდაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას აიძულებს.

კორონავირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად, მთელ მსოფლიოში, მრავალ ადგილას პირბადე სავალდებულო ხდება — საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, სამსახურში თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს თავისი ფასი აქვს — ერთჯერადი ნიღბები გარემოს აბინძურებს.

ამის ერთი ალტერნატივაა მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის პირბადეები, მაგრამ მრავალი ადამიანი ერთჯერად ქირურგიულ პირბადეს ამჯობინებს, რადგან ისინი უფრო მსუბუქი და ინდივიდუალურად იაფია.

„სამედიცინო პირბადეები მხოლოდ ერთჯერადია. გამოყენების შემდეგ, მოიშორეთ ნიღაბი დაუყოვნებლივ და უმჯობესია, თუ დახურულ ურნაში ჩააგდებთ“, — აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

თუმცა, COVID-19-ის პირველი ტალღისას წარმოქმნილი დეფიციტის დროს, აპრილში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დეზინფიცირებული ერთჯერადი ნიღბების ხელახლა გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაციით, გადაუდებელ გარემოებაში N95 ნიღბების ხელახლა გამოყენება შესაძლებელია წყალბადის პეროქსიდის ორთქლით დეზინფიცირების შემდეგ, სამედიცინო პერსონალისთვის.

ერთჯერადი პირბადეების გასუფთავების სხვა მეთოდებს შორის არის მათი დადება მაღალ ტემპერატურაზე ან ულტრაიისფერი რადიაციის ქვეშ.

თუმცა, ფრანგი მიკრობიოლოგი დენი კორპე აღნიშნავს, რომ ეს მეთოდები სახლის პირობებში საკმაოდ მოუხერხებელია.

შვიდდღიანი მეთოდი

ადიოს კორონა“ — მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას აწვდის, გვირჩევს, რომ „პირბადე ქაღალდში გავახვიოთ, დავაწეროთ თარიღი და შვიდი დღის განმავლობაში ასე დავტოვოთ, ხელუხლებლად“.

„რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ შვიდი დღის შემდეგ, პირბადეზე ვირუსები თითქმის მთლიანად მკვდარია“, — ამბობს კორპე.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერთი კვირის შემდეგ, პირბადის გარე ზედაპირზე ფიქსირდებოდა მხოლოდ ვირუსის 0,1 პროცენტი.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი ხელსაყრელი არ არის სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც ვირუსების მაღალ კონცენტრაციასთან უწევთ შეხება.

შვიდდღიან მეთოდს ეთანხმება N95 ნიღბის ელექტონულად დამუხტვადი ფილტრის მასალის გამომგონებელი პიტერ ცაი.

თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პირბადის ერთი კვირით დატოვებისა და შემდეგ კვლავ გამოყენების მეთოდი შეგვიძლია გავიმეოროთ მხოლოდ 5-10-ჯერ.

როგორც ცაიმ გამოცემა AFP-ს განუცხადა, ერთჯერადი ნიღაბი შეგვიძლია მოვათავსოთ ღუმელშიც, 70-75 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, რაც ვირუსის მოსაკლავად საკმარისია, მაგრამ არა ამაზე უფრო მაღალზე, რათ არ დაიწვას პირბადის პლასტმასის ნაწილები.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე კარგი იდეაა პირბადის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

„ფხვნილის გარეშე გარეცხვამ შეიძლება ვირუსი ვერ მოაცილოს, მაგრამ N95 ნიღბის ფხვნილით გარეცხვისას შეიძლება წაიშალოს ელექტროსტატიკური მუხტები, რაც მის ეფექტიანობას შეამცირებს“, — ამბობს ცაი.

ფრანგ მომხმარებელთა ჯგუფის, UFC-Que Choisir-ის წევრებმა ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადე 60 გრადუსზე გარეცხეს, შედეს საშრობში, შემდეგ კი გააუთოვეს. 10 ასეთი ციკლის შემდეგ, პირბადე მაინც ფილტრავდა 3 მიკრონზე ნაკლები სიგრძის ნაწილაკთა 90 პროცენტს.

„საცვლის მსგავსად“

ასეთივე დასკვნამდე მივიდა საფრანგეთის საინჟინრო უნივერსიტეტ Ensait-ის მკვლევარი ფილიპ ვრომენი.

„ხუთი გარეცხვის შემდეგ, პრაქტიკულად განსხვავება არ იყო 3-მიკრონიანი ნაწილაკების ფილტრაციის თვალსაზრისით. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები ჯერ რეცენზირებული არ არის.

„გირჩევთ, ნიღბები გამოცვალოთ ყოველ ოთხ საათში და შემდეგ გარეცხოთ, ვიდრე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ატაროთ, როგორც ამას ბევრი აკეთებს. ცოტა არ იყოს, ამ მხრივ ის საცვალს ჰგავს“, — ამბობს ვრომენი.

თუმცა, მას ყველა მეცნიერი არ ეთანხმება.

„სახლის პირობებში პირბადის არასათანადოდ გარეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს მეორეული დაბინძურება და ვირუსის გავრცელება“, — ამბობს ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაიმინგ იე.

იქამდე, ვიდრე ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტი კვლევა არ ჩატარდება, ჯანდაცვის უწყებათა ოფიციალური რჩევა არ შეიცვლება — ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღბები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.

ამასობაში კი ამ საკითხზე მრავალი კვლევა მიმდინარეობს და შედეგებს მალე ვიხილავთ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი