შავლეგ მიშველაძე - არ შეიძლება ერთი მხრივ, ავტობანის გასწვრივ შესაშური გასამართი კომპლექსები გვქონდეს და მეორე მხრივ, კონტეინერული ტიპის სადგურებისკენ მივდიოდეთ
შავლეგ მიშველაძე - არ შეიძლება ერთი მხრივ, ავტობანის გასწვრივ შესაშური გასამართი კომპლექსები გვქონდეს და მეორე მხრივ, კონტეინერული ტიპის სადგურებისკენ მივდიოდეთ

არ შეიძლება ერთის მხრივ ავტობანის გასწვრივ შესაშური გაზგასამართი კომპლექსები გვქონდეს და მეორე მხრივ კონტეინერული ტიპის გასამართი სადგურებისკენ მივდიოდეთ. მკაფიო რეგუალაციამ უნდა განმარტოს, რა შეიძლება ზოგადად და საით მივდივართ, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში თხევადი აირის დაბეგვრაში არსებული ხარვეზები განიხილეს, რომელიც ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს, მეორეს მხრივ ბაზარზე სამართლიან კონკურენციას არღვევს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, „საქართველოს ბიზნესასოციაციამ“ პარლამენტს ინიციატივით მიმართა, თუმცა მიშველაძის განმარტებით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე თხევადი აირის .ე.წ. კონტეინერული ტიპის გაზგასმართი სადგურების პრობლემაც არსებობს. ამ საკითხის შესწავლას ბიზნესასოციაციამ ხელი ახლახან მოჰკიდა და აპირებს, რომ პარლამენტს შესაბამისი ინიციატივითაც მიმართოს. 

„თხევადი აირის მიმართულებით მომდევნო ნაბიჯი და ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს იმ კონტეინერული ტიპის გასამართი სადგურების არსებობას, რომელიც შემჩნეული გექნებათ დედაქალაქში, ტრასებზე, სოფლებში შედარებით მოფარებულ თუ ღია ადგილებში, სადაც ვხედავთ, რომ კონტეინერი დგას, აწერია ზედ „ელპიჯი“ [თხევადი აირი] და ხდება რეალიზაცია. როგორც მომხმარებლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ მთლად აღტაცებული არა ვართ, რომ კონტეინერული ტიპის ეპოქაში შეიძლება დავბრუნდეთ. ამას რეგულაცია სჭირდება. დღეისათვის რბილად რომ ვთქვათ, ეს რეგულაცია მოიკოჭლებს. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ კონტეინერული ტიპის გასამართი სადგური ნებისმიერი ტიპის ნავთობპროდუქტთან მიმართებაში შესაძლებელია და უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ვფიქრობთ, რომ მკაფიო რეგულაციამ უნდა განმარტოს, რა შეიძლება ზოგადად და საით მივდივართ. არ შეიძლება, რომ ერთი მხრივ მაგალითად ავტობანის გასწვრივ მრავალი ქვეყნისთვის შესაშური კომპლექსები გქონდეს და მეორე ნაბიჯით კონტეინერული ტიპის გასამართი სადგურებისკენ მივდიოდეთ. თუმცა ამ კუთხით მუშაობა ჯერ საწყის ეტაპზეა“, – განუცხადა შავლეგ მიშველაძემ „ბიზნესპარტნიორს“.​