„ევროსტატის“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა
„ევროსტატის“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

„ევროსტატის“ მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვალს – ემბარგო ნავთობპროდუქტის იმპორტზე. „ევროსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა ზომებმა შედეგი გამოიღო 2023 წლის პირველ კვარტალში.

მონაცემების მიხედვით, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი იყო 26.0%-იანი წილით, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს წილი მხოლოდ 3.2%-ს შეადგენს. „ევროსტატის“ ინფორმაციით, იმავე პერიოდში გაიზარდა ნორვეგიის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების წილი.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები მიწოდების სხვა წყაროებზე გადავიდნენ. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი იყო ევროკავშირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი 38,8%-იანი წილით. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი 21.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ყველაზე მეტად ნორვეგიის, ალჟირისა და დიდი ბრიტანეთის წილი გაიზარდა.

თხევადი ბუნებრივი აირის მხრივ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო აშშ-ის შემდეგ (18,1%), 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთის წილი 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.