„ბიბისი“ - მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, გადამუშავებული რუსული ნავთობი ჯერ კიდევ ხვდება დიდ ბრიტანეთში
„ბიბისი“ - მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, გადამუშავებული რუსული ნავთობი ჯერ კიდევ ხვდება დიდ ბრიტანეთში

„ბიბისის“ ცნობით, გადამუშავებული რუსული ნავთობი ჯერ კიდევ ხვდება დიდ ბრიტანეთში. როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, რუსული ნავთობის გადამუშავების შედეგად შექმნილი პროდუქტები მაინც ჩააქვთ დიდ ბრიტანეთშიც.

„ბიბისის“ ცნობით, ჩინეთსა და ინდოეთს, რომელთაც არ აქვთ დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები, შეუძლიათ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული საავიაციო, ასევე დიზელის საწვავის ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში გატანა.

„ეს ხარვეზი კანონში იმაში მდგომარეობს, რომ იზრდება მოთხოვნა რუსულ ნავთობზე და მატულობს გაყიდვები, ასევე, იზრდება ფასიც და, შესაბამისად, რუსეთი უფრო მეტ სახსრებს იღებს ომის დასაფინანსებლად“, – წერს „ბიბისი“.

ერთ-ერთ კვლევის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული 5,2 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, ძირითადად საუბარია საავიაციო ნავთობზე. მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ გზით რუსეთის ხელისუფლებამ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოგება მიიღო.