გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე ადვოკატთან ერთად შსს-ში იმყოფება
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ოაკობ ბრეგვაძემ, რომელიც 18-19 ივნისს მცხეთაში განვითარებული მოვლენების დროს ადგილზე იმყოფებოდა, უწყებაში შესვლისას მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, შსს-ში მისვლა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მათ გამოძიებასთან კითხვები აქვთ.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ, ასევე მათი სურვილია, რომ ხელახალი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს.
„იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან. ამიტომ მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
კითხვაზე, ადვოკატებმა დაიბარეს მოწმეები დაკითხვაზე, მათ შორის არის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ჭკადუამ უპასუხა, რომ გუშინდელ მის კომენტარს გარკვეული ინტერპრეტაცია მიეცა.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეებს, ადვოკატებს და დაცვასაც აძლევს მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობას. ჩვენ პირველივე წუთიდან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ყველასთან, მათ შორის მედიასთან და ვისაც ექნება კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი. ჩვენ არანაირი უწყება ამ გამოძახებასთან დაკავშირებით არ მიგვიღია და მეორე, იძულებით ჩვენი მიყვანის უფლება არც გამოძიებას აქვს და არც ჩემს პატივცემულ ადვოკატებს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ როგორც გამომძიებლის კითხვებს, ასევე ადვოკატების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან. საუბარი, რომ გავურბივართ კითხვებს, არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
ჭკადუამ ასევე ისაუბრა, რომ მათი კითხვები ეხება იაკობ ბრეგვაძის მიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას.
„გარდა ამისა, გვაქვს ექსპერიმენტთან დაკავშირებით დროის შეთანხმების მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს იმ დროს და იმ ამინდში, რაც იყო იმ დროს. ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, ყველას ერთად გვაინტერესებს, რა მოხდა რეალურად, რომ რეალური სურათები აღდგეს. იაკობს ექნება შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან სავარაუდოდ ხვალ და ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება, დაუსვას მას ნებისმიერი კითხვა და გასცეს პასუხი. ჩვენ გვინდა, საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ გადამხტარიყო ე.წ. ღობეზე და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც იყო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.