შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირი, ასევე საქმეში ფიგურანტი ორი პირი – მიხეილ ბეშიძე და გიორგი ელიჯარაშვილი.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, დღეს მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დაკავებულებს წარდგენილ ბრალთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ.

„ძალიან ხშირად აღმოჩნდება პროკურატურა იმ სიტუაციაში, როდესაც დაიწყებს თავის მართლებას, ისინი არ ენდობიან მოწმეებს. არ დაგვავიწყდეს, ესენი არიან თავად ბრალდების მხარის მოწმეები და სწორედ ამ მოწმეებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ შეძლებდნენ ბრალდების დადასტურებას. თუ რამე ინფორმაცია მათთვის სასარგებლო არ არის, თავიანთ თავს დააბრალონ. საუბარი მაქვს ბრალდების მხარეზე. შეიძლება ითქვას, დღეს ყველა მოწმისგან მოვისმინეთ, რომ ბრალდებულებს აღნიშნულ ბრალდებასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ორ პიროვნებას, მათ შორის ბეშიძეს, მათ ისაუბრეს ბრალდებულების პიროვნებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სხვა შემხებლობა არ ჰქონიათ. დღეს დაიკითხა ასევე სპეციალისტი, ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისად ფოტო გადაღება მოახდინა. მისი ინფორმაციაც არ იყო საქმესთან რელევანტური“, – განაცხადა მამულაშვილმა.

პროკურორის განცხადებით კი, ერთ-ერთმა მოწმემ, მიხეილ ბეშიძემ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა, რაც ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, მოწმე გიორგი ელიჯარაშვილმა სასამართლოს სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანის ნაძალადევში ჩასვლის შემდეგ, ბრალდებულები მცხეთაში ავიდნენ.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ეს ექსპერიმენტი ემსახურებოდა იმის დადგენას, თუ რა დრო დასჭირდებოდათ მდევრებს გარდაცვალების ადგილზე, მდინარის ნაპირზე ჩასასვლელად და შემდეგ უკვე ფერად შენობასთან დასაბრუნებლად. ამ ადამიანმა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე. მან განმარტა, ექსპერიმენტის დროს თუ რატომ გახდა საჭირო შესაბამისი სანათი საშუალების გამოყენება. მიზანი იყო ის, რომ უშუალოდ ვიდეოჩამწერი საშუალებისთვის გამოჩენილიყო იქ მიმდინარე მოვლენები.

რაც შეეხება მიხეილ ბეშიძის ჩვენებას, ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბრალდებულებთან ერთად წამოვიდა ნაძალადევის უბნიდან. ფაქტობრივად, ინფორმაცია არ ახსოვდა, როგორც თვითონ თქვა, თუმცა ეს ემსახურებოდა ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას. რაც შეეხება მეორე მოწმეს, გიორგი ელიჯარაშვილს, მან დაადასტურა ის გარემოება, როდესაც ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი ჩავიდა ნაძალადევის რაიონში, სადაც შეკრებილი იყო მთელი სამეზობლო და უამრავი ბიჭი, მათ შორის ბრალდებულები, შემდეგ ეს პირები გამოემართნენ მცხეთის მიმართულებით, თუმცა მთელი უბანი წამოვიდა ერთი ადამიანის წამოსაყვანად. ამას არავინ დაიჯერებს, არ ვიცი, თუ ვინმეს სჯერა ეს. მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ბრალდებულებიც ამოვიდნენ მცხეთაში“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.