შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
„ცნობილ იქნეს დამნაშავედ და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამასთან, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქმისას შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.
„მაპატიეთ. მესმის, ყველაფერი ვიცი. ჩემთვის არ არის მარტივი აქ დგომა. ძმამ ახსენა, რომ არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მე ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მეც ვაკეთებდი კარგ საქმეებს. რაღაც კარგს მეც ვაკეთებდი, შეგიძლიათ, ნახოთ, იმ დღესაც ჩარიცხული მქონდა. შემეშალა, გთხოვთ მაპატიეთ. მესმის თქვენი დანაკარგი, მეც მქონია ეს დანაკარგი. ვიცი, ჩემი ბოდიში რომ არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გულწრფელად ვდგავარ თქვენ წინაშე, ბოდიშს ვიხდი. მე ჩემი თავის მოვკალი მაგ დღეს. მაპატიე მეგობარო, ძმა, ძალიან ცუდად ვარ. მე არ ვყოფილვარ ასეთი და აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მრცხვენია ჩემი ქალაქის და ქვეყნის, რომ შემეშალა. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა მურსაკულოვმა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.