ირანში ავსტრალიის სამი მოქალაქე დააკავეს
ირანში ავსტრალიის სამი მოქალაქე დააკავეს

ირანში ავსტრალიის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ის ამჟამად დაკავებულ ოჯახებთან კონტაქტზე იმყოფება, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

მანამდე ბრიტანულმა გამოცემა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში დააპატიმრეს ორი ბრიტანელი-ავსტრალიელი ქალი და ერთი ავსტრალიელი მამაკაცი.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულთა შორის აზიაში მოგზაური ბლოგერი და მისი ავსტრალიელი მეგობარი მამაკაცი არიან, ასევე ავსტრალიის უნივერსიტეტის ლექტორი. ამავე გამოცემის ცნობით, ბლოგერი და მისი მეგობარი დაახლოებით 10 კვირის წინ დააკავეს. უცნობია, როდის დააკავეს ლექტორი.

მანამდე, ავსტრალიის მთავრობამ თავის მოქალაქეებს ირანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან ქვეყანაში არსებობს უცხოელების თვითნებურად დაკავების რისკი.