შალვა თადუმაძე - 2012 წლის შემდეგ პროკურატურა გათავისუფლდა ძალადობისგან, მაგრამ ინსტიტუტი მუდმივად ხდებოდა პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი
შალვა თადუმაძე - 2012 წლის შემდეგ პროკურატურა გათავისუფლდა ძალადობისგან, მაგრამ ინსტიტუტი მუდმივად ხდებოდა პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი

მოძალადე პროკურატურას ცხრა წელი ვუყურებდით, მახსოვს შიშის განცდაც, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში, ასევე რა განცდა ჰქონდა თავად მას და მის ოჯახის წევრებს, რამდენად შესაძლებელი იყო ამ მოძალადე პროკურატურისგან დახსნა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, პირველ რიგში დასადგენია, რა პრობლემაა ზოგადად ინსტიტუტში.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ პროკურატურას სამწუხაროდ ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი იმაზე მაღალია, ვიდრე ზოგადად ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით და შესაძლებლობებით შეუძლია.

„საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი არ არის წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა. ამ ინსტიტუტს წლებია ეს პრობლემა აქვს, ის თაობა ვართ, რომელიც მოესწრო პროკურატურას საბჭოთა საქართველოში, რომელიც რეჟიმის პროკურატურა იყო და ბუნებრივია, მის მიმართ დამოკიდებულება არ იყო დადებითი. ამის შემდეგ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა. საზოგადოებაში განვითარებული მოვლენების შედეგად, მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ამ პროკურატურას დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ პროკურატურა კორუმპირებულია. ამის შემდეგ განხორციელდა რეფორმები, კორუფციაზე ითქვა უარი, გარემონტდა შენობები, აიყვანეს ახალი თანამშრომლები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მოძალადე პროკურატურა და ამ მოძალადე პროკურატურას ვუყურებდით ცხრა წელი. შიშის განცდაც მახსოვს, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში, ასევე რა განცდა ჰქონდა თავად მას და მის ოჯახის წევრებს, რამდენად შესაძლებელი იყო ამ მოძალადე პროკურატურისგან დახსნა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ პროკურატურა აბსოლუტურად გათავისუფლდა კორუფციისგან, ძალადობისგან, მაგრამ სამწუხაროდ, გახდა ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი ხდებოდა.

„2012 წლის შემდეგ გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა, პირადად ვიყავი ჩართული ამ რეფორმირების ნაწილში, გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო მდივნის თანამდებობა მეკავა. სამწუხაროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას. განცდა არის შემდეგი სახის, თუ ვინმეს დაიჭერენ, ეს არის პოლიტიკური დევნა და ამიტომ პროკურატურამ დაიჭირა პოლიტიკურად. არადა კანონი არ იცნობს ჩანაწერს, რომლითაც პროკურატურა იჭერს ადამიანებს და თუ ვინმეს არ დაიჭერდნენ, ბრალდებოდა პროკურატურას, რომ ის არის უუნარო და არ იჭერს არავის”, – განაცხადა თადუმაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს დღეს პარლამენტში უსმენენ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, შალვა თადუმაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. არჩევის შემთხვევაში, თადუმაძე პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.