გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს
გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს. ის ამ დრომდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გუშინ, მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის პროცესში ჩართული არიან, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატს ასახელებს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც დასამტკიცებლად საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. რაც შეეხება კანდიდატების შერჩევას, იუსტიციის მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიაროს კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრება ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარსადგენად დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.

 

 

დატოვე კომენტარი