შალვა პაპუაშვილი - რუანდაში ვიზიტისას შევხვდით 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს, შეხვედრებისას ერთ-ერთი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეას, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მონაწილეობდა, 120-მდე ქვეყნის დელეგატები ესწრებოდნენ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრებისას ერთ-ერთი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ იყო.
„გვქონდა ასევე შეხვედრა ხუთი კონტინენტიდან 20 ქვეყნის წარმომადგენელთან. მათ შორის დიდი ნაწილი იყო აფრიკული, სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან და ძირითადად ის ქვეყნები, სადაც ჩვენ არ გვაქვს საელჩოები და დიპლომატიური დაფარვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დროს პირდაპირი კომუნიკაცია კოლეგებთან, მათ შორის საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ შორის შეხვდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციის მხარდაჭერაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, ასეთი კონფერენციები და ასამბლეები იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთ ადგილზე ბევრ კოლეგასთან გქონდეს კომუნიკაცია.
„რაც შეეხება ამ მოწვევის პარლამენტს, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საპარლამენტო დიპლომატია, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლეგა პარლამენტარებთან გვქონდეს ურთიერთობა, რათა საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მათთან უშუალო კონტაქტი გვქონდეს, როდესაც ესა თუ ის საკითხი წყდება საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ საერთო განწყობაც იგრძნობა, დისტანციები რთულად აღსაქმელი რჩება. ეს დისტანცია არა მხოლოდ კომუნიკაციის მხრივ არის შემცირებული, არამედ გავლენების მხრივაც. მაგალითად, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, არამედ ეს უშუალოდ იგრძნობა გეოგრაფიულად დაცილებულ ქვეყნებზე. ამ საკითხზეც გვქონდა ჩვენ საუბარი სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომ მათ ყოფაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რამდენად ახდენს გავლენას მიმდინარე ომი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ხორბალზე და პროდუქტებზე, არამედ ზოგადად, საერთო ჯამში, ის ფასთა ჯაჭვი, რაზეც გავლენას ახდენს ეს ომი, საბოლოო ჯამში აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ასამბლეის ფარგლებში მიიღეს რეზოლუციაც, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინას და გმობდა რუსეთის აგრესიულ ომს.
„სხვათა შორის, არ იყო ადვილი, ვინაიდან იქ რუსეთის დელეგაცია იყო წარმოდგენილი და ცდილობდნენ, ამ რეზოლუციის ჩაგდებას. თუმცა, სოლიდარობა და მხარდაჭერა იყო იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ტრადიციულად უფრო მოიაზრებიან, რომ უფრო ნეიტრალური პოზიცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღესდღეობით, გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებიც კი ვეღარ რჩებიან ნეიტრალურად, რადგან ეს ომი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
ჩვენ შეხვედრა გვქონდა ინგლისის, სერბეთის წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინის პირველ ვიცე-სპიკერთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა სწორედ იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას. ასევე შევხვდით აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს. მათ შორის კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელ ქვეყანასთანაც ჩვენ ბევრი თანამშრომლობისა და შეხების წერტილები გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე „ქართული ოცნების“ მონაწილეობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.