საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა

20-21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ვირტუალურ ფორმატში  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილმა ასამბლეის მსვლელობის განმავლობაში, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით გამწვავებული ეკონომიკური სირთულეების გარშემო, ასევე, ხაზი გაუსვა ხელისუფლების ეფექტურ საქმიანობას ამ მიმართულებით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლებში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის და რეგიონისთვის მისი მაღალი მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ხაზი გაუსვა სუამ-ის ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას ბალტიის ქვეყნებთან.

საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მან საკუთარ გამოსვლაში პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასამბლეის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ყირიმის პლატფორმის სამომავლო პერსპექტივა და მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტები სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.

სესიის ბოლოს მხარეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

ასამბლეის მუშაობაში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალტაი ეფენდიევმა და ბალტიის ასამბლეის დელეგაციამ, ვიცე-პრეზიდენტ იანის ვუცანსის ხელმძღვანელობით.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა 2022 წელს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტი უხელმძღვანელებს.