შალვა პაპუაშვილი - მარტში იყო საინფორმაციო შტურმი, საზოგადოების დიდი ჯგუფის დარწმუნება შეძლეს, თუმცა დღეს საკითხში ბევრი გაერკვა და ფიქრობენ, რომ ცუდია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება რომ არ მოხდა
შალვა პაპუაშვილი - მარტში იყო საინფორმაციო შტურმი, საზოგადოების დიდი ჯგუფის დარწმუნება შეძლეს, თუმცა დღეს საკითხში ბევრი გაერკვა და ფიქრობენ, რომ ცუდია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება რომ არ მოხდა

მარტში საქართველოში იყო საინფორმაციო შტურმი და საზოგადოების დიდი ჯგუფის დარწმუნება შეძლეს, თუმცა დღეს საკითხში ბევრი გაერკვა და ფიქრობენ, რომ ცუდია, თავის დროზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება რომ არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხანდახან დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, რაში იხარჯება მათი ფული, რადგან გამჭვირვალეობა ძალიან დაბალია.

„მარტში რაც მოხდა, მგონი, უკვე ყველამ გააცნობიერა. დიდი აფერა იყო, რაც საქართველოში ჩატარდა. საქართველოში იყო საინფორმაციო შტურმი და დეზინფორმაციული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდა. ეს იმდენად ძლიერი, ყოვლისმომცველი იყო, რომ საზოგადოების დიდი ჯგუფის დარწმუნება შეძლეს, თითქოს ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს. ხალხს ესეც კი დააჯერეს, თუმცა დღეს ამ საკითხში ბევრი გაერკვა და ბევრი ფიქრობს, რომ ცუდია, თავის დროზე კანონმდებლობის მიღება რომ არ მოხდა. ამ სექტორში გამჭვირვალეობა ძალიან დაბალია. ვხედავთ, ქვეყანაში როგორ შემოდის უცხოური ფული და როგორ უკონტროლოდ იხარჯება, ხანდახან თავად დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, რაში მიდის მათი ფული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირების მიერ კორუფციის პრევენციის სააგენტოში დონორების თანხების შესახებ მონაცემების წარდგენას ეხება.

„უკრაინის ინიციატივას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსების მაშინდელი განცხადებებიც გვახსოვს. ნაცვლად იმისა, რომ ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, რატომღაც საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის იცლიდნენ, რაც ცალკე ისტორიაა, მაგრამ თუ ახლა აზრი შეიცვალეს, მათ ვურჩევდი, რომ გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. ინიციატივა თუ აქვთ, განიხილონ და მიიღონ. მთავარია, ეს იმ სტანდარტებში იყოს, რითიც ჩვენ ვმოქმედებდით – ადამიანების უფლებების სტანდარტებში. იმედია, ამ სტანდარტებს არ დაარღვევენ და კანონს ისე მიიღებენ, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.