შალვა პაპუაშვილი - დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ, სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ პროექტი
შალვა პაპუაშვილი - დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ, სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ პროექტი

ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენც ქვეყანა ვართ და სახელმწიფო გვქვია. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ შარშან კანონპროექტი, რომელსაც გამჭვირვალე უნდა გაეხადა სფერო, რომელიც დღეს არის ყველაზე დახურული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საჯარო პოლიტიკის განმსაზღვრელ სექტორში დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც მათ თუ არ უნდათ, საზოგადოებას ცხვირს არ შეაყოფინებენ. ახლაც იმავე შინაარსით დაინიცირდა კანონპროექტი, მხოლოდ ერთადერთი სხვაობით. მაშინ სახელწოდება იყო თითქოს პრობლემა, ამაზე ჰქონდათ ატეხილი მთელი ამბავი და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მათთვის სინამდვილეში საბაბი იყო. მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ, გამჭვირვალე ყოფილიყვნენ საზოგადოების მიმართ. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში ტერმინად ავიღეთ ის, რასაც ევროკავშირის დირექტივა იყენებს, გადმოვიტანეთ ის ტერმინოლოგია. ასე რომ, აქ უკვე შესადავებელიც არაფერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტი ეხება არასამთავრობო, ასევე  მედიაორგანიზაციებს და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან.

„ამ ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ ერთადერთი რამ, ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლები და ხარჯები დაადეკლარირონ იუსტიციის რეესტრში. ამას აკეთებს, ჩემი ჩათვლით, თითქმის ყველა საჯარო მოხელე, როდესაც წლიურ დეკლარაციას ვავსებთ. ეს არის საჯარო, ყველა ხედავს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შევიდეს და ნახოს ჩემი ქონებრივი დეკლარაცია. ამას აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, სამინისტროები, ბიუჯეტი გამჭვირვალეა და ა.შ. ამას აკეთებენ, სხვათა შორის, მედიაორგანიზაციები, ტელემედია, რომლებიც კომუნიკაციების კომისიაში თავიანთ შემოსავლებს და ხარჯებს ადეკლარირებენ. რა პრობლემა გახდა ეს არასამთავრობო სექტორი, ის შეუვალი უნდა იყოს მაინცდამაინც?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაშია პრობლემა, რადგან არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროში მუდმივად აგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას და მათი შემოსავლები, მათ შორის, მიზნობრიობა, სრულად გამჭვირვალეა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მთავარი უტიფარი ტყუილი, რომელსაც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას.

„ტერმინოლოგიაზე აღარ გამოსდით, თითქოს ფიზიკურ პირებს ეხებოდა, ესეც დავკეტეთ და ახლა იტყუებიან, ჩვენ ხომ საშემოსავლო გადასახადს ვიხდით და ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ რაღაც იცისო. უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობას არანაირი კავშირი არ აქვს საფინანსო საკითხებთან, საბანკო გადარიცხვებსა და ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობასთან. ეს არის საგადასახადო ურთიერთობა, რომელიც, მათ შორის, დაცულია საგადასახადო საიდუმლოებით. თქვენ შეგიძლიათ, გაიგოთ რომელიმე მოქალაქის საგადასახადო მონაცემები, რამდენს იხდის? რა თქმა უნდა, არა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. გამჭვირვალობის ადრესატი არის საზოგადოება და საზოგადოების მიმართ უნდა იყვნენ გახსნილი, ისინი კი გვიმტკიცებენ, მე გადასახადებს ვიხდი და რაღაცას ხედავს საგადასახადო ინსპექტორიო. ჯერ ერთი, ინსპექტორი ყველაფერს ვერ ხედავს, მხოლოდ საშემოსავლო ან სხვა რაღაც საკითხები შეიძლება იყოს, ფრაგმენტულია, ის დაფარულია საგადასახადო საიდუმლოებით. ეს არის საფინანსო-ბუღალტრული საკითხი და არა შინაარსობრივი საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. ორგანიზაცია რომ ხარ და გინდა, რაღაც პოლიტიკა წაწიო წინ, რაღაც იდეას, ასე ვთქვათ, ლობირებ, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს, მაგალითად, რუსეთს. ასეთი ორგანიზაციები იცით, მაგალითად, „ენჯეო“ „დროა“, რომელიც ითხოვდა სანქციების დაწესებას და საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ეს მისი აზრია თუ ვიღაცამ დაატანა ეს აზრი? შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ეს ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. ხომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ უცხოეთიდან არის რაღაც წყარო და ვიღაცას აქვს ინტერესი, საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციის მეშვეობით ლობირება გაუწიოს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც, საბოლოო ჯამში, ვიცით, რასაც ნიშნავს. ეს ნიშნავს ჩვენთვის ეკონომიკურ კატასტროფას და ნიშნავს ომის პირდაპირ რისკს. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.