შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭვირვალე, აქ ახალი არაფერია
შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭვირვალე, აქ ახალი არაფერია

ჩვენთვის მთავარი არის გამჭვირვალობის პრინციპი, ეს იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ამაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ელჩებთან შეხვედრამ შეცვალა თუ არა რამე „ქართული ოცნების“ პოზიციაში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აპირებს, მიმართოს ვენეციის კომისიას და დაელოდოს მის მოსაზრებებს.

„პოზიცია არის გასაგები, რომ ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ვენეციის კომისიას, რათა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით რთულია, თქვა და აქედან გამომდინარე, რთულია პოზიციების თქმა. რაც შეეხება პოზიციას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამაზე არ მგონია, რამე შესაცვლელი იყოს. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ის აქტორები, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, უნდა იყვნენ გამჭვირვალე. ეს არის ელემენტარული სტანდარტი და აქ ახალი არაფერია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, წინ არის კანონპროექტის განხილვის რამდენიმეთვიანი პროცესი და წინასწარ რამის თქმა რთულია.

„რაც შეეხება ვეტოს, პრინციპებს და ა.შ., ჩვენ ვართ ამ დისკუსიის აბსოლუტურ დასაწყისში. ჯერ წინ არის რამდენიმეთვიანი პროცესი. მით უმეტეს, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ დაველოდებით. ამიტომ ვეტო იქნება, საბოლოო შინაარსი რა იქნება, აქ წინსწრებით ვერავინ იტყვის. ჩვენთვის მთავარი არის გამჭვირვალობის პრინციპი. ის საზომი, რომელიც მიეყენება ყველას, ვინც არის გადაწყვეტილების მიღების და ფორმირების წრეში, უნდა მიეყენოს ყველას. მგონი, ეს არის იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ამაზე, სხვათა შორის, არსად, არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვასთან არასდროს ყოფილა კამათი, რომ ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ორი მთავარი საკითხია, გამჭვირვალობის პრინციპი და ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დაელოდებიან.

„ორი საკითხია მთავარი, ხომ?! ერთია პრინციპი გამჭირვალობის, რომელზეც ყველა თანხმდება თავის არსში. მეორე საკითხია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იყოს. სხვა დანარჩენი, როდის იქნება დისკუსია, რამდენი, ეს ტექნიკური დეტალებია. მაგრამ ეს ორი, პროცედურულად პრინციპული საკითხი რაც არის,  რომ გამჭვირვალობაზე უნდა გავასწოროთ ჩვენ ფოკუსი და მეორე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ, ეს გვაჩვენებს ამ დისკუსიის სავარაუდო შინაარსსაც და ასევე გვაჩვენებს პროცესს თავის ხანგრძლივობაში. ვენეციის კომისიას რამდენიმე თვე დასჭირდება რეკომენდაციისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.