შალვა პაპუაშვილი - ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონპროექტების დროულმა მიღებამ დამატებითი დადებითი შეფასება მოგვცა ევროკომიისის მხრიდან
შალვა პაპუაშვილი - ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონპროექტების დროულმა მიღებამ დამატებითი დადებითი შეფასება მოგვცა ევროკომიისის მხრიდან

ხვალ მექნება ანგარიში, შევაჯამებთ 2022 წლის საქმიანობას და ასევე 2023 წლის გეგმებზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ალბათ ასე შეიძლება გავყოთ საპარლამენტო საქმიანობა შინაარსის კუთხით – ერთი გახლდათ ევროინტეგრაციის მიმართულება და ამ საკითხებზე მუშაობა. 270-მდე კანონი იყო ჯამში მიღებული და აქედან 82 კანონი ეხებოდა სწორედ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს დაუსახა. ამიტომ ეს დიდი ნაწილი იყო 12 რეკომენდაცია. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონპროექტები, რომლის დროულმა მიღებამ, სხვათა შორის, ის დამატებითი დადებითი შეფასება მოგვცა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ევროკომისიის მხრიდან, ვგულისხმობ კითხვარის შეფასებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის საქმიანობის მეორე მიმართულება იყო უმრავლესობის მხრიდან საარჩევნო პროგრამის განხორციელება მთავრობასთან ერთად და ამისთვის საჭირო კანონმდებლობის მიღება, რათა, ერთი მხრივ, გაიზარდოს მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა და, მეორე მხრივ, ინსტიტუციური მოწყობა, უსაფრთხოება და სხვა საკითხები, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო.

„ხანდახან პოლიტიკურ დებატებში იკარგება ხოლმე ეს მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კანონებისა, რომელიც უშუალოდ ჩვენს მოსახლეობას ეხება, ყოველდღიურ საკითხებს. მივიღეთ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, ევროგადახდის სისტემაში მიერთება, რაც მნიშვნელოვანია დიასპორისთვის, მაგალითად, და სხვა მნიშვნელოვანი კანონები. ამ ყველაფრის გვირგვინი, რა თქმა უნდა, არის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელმაც უზრუნველყო, რომ იყოს, მაგალითად, ხელფასების მატება საჯარო სექტორში და იყოს სხვადასხვა პროექტი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად განხორციელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 12 რეკომენდაციაში დარჩენილია ე.წ ორი ღია საკითხი – სასამართლო რეფორმის საკითხი და დეოლიგარქიზაციის კანონი.

„საზოგადოებამ იცის, რომ ორივეზე გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. მარტის დასაწყისში იქნება მათი შეფასება და ამის შემდეგ მივუბრუნდებით ამ კანონებს. არის ასევე სახალხო დამცველის და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა, სადაც დამოკიდებული ვართ ოპოზიციის ხმებზე, ვინაიდან უმრავლესობას დამოუკიდებლად არ შეუძლია ამ პოზიციაზე კანდიდატის არჩევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გენდერულ საკითხებზე მიღებული კანონმდებლობა, კანონმდებლობა, რომელიც შეეხებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებას, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და ა.შ.