შალვა ნათელაშვილი - მე მაგათ ვასწავლი, როგორ უნდა ასრულებდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლს უშიშროება, იმის ნაცვლად, რომ მუშაობდეს უსაფრთხოებაზე
იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახური ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგრადობაზე მუშაობდეს, რეგიონში, სადაც უკვე ომის ცეცხლი ტრიალებს და უამრავი ინტერესია, მათ შორის სადაზვერვო, ის მუშაობს, როგორ გააყალბოს ბებია ეფროსინეს ხმები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გავრეცელებული ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ საქმე გვაქვს საბჭოთა შინსახკომის რეანიმაციასთან, კავკასიაში საქართველოს მონაკვეთზე. ალბათ, ცხონდა იაგოდას, ეჟოვის და ლავრენტი ბერიას სულები, ამათი შემხედვარე. ესენი ყველანი დასხდებიან საბრალდებო სკამზე, მათ შორის უკანონო მოსმენებისთვის და მე მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც სრულიად უპრობლემო საუბარი ჩაიწერა უშიშროებამ, მაშინდელი პარლამენტის სპიკერის, ვახტანგ გოგუაძისა და მაშინდელი დეპუტატის ჟურნალისტ ნოდარ გრიგალაშვილის. არაფერზე, მოიკითხეს ერთმანეთი და უშიშროებამ ეს ჩაიწერა და ეს გახმაურდა, ამის გამო ჩვენ გადავაყენეთ მაშინდელი უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია, რომელმაც არც არაფერი არ იცოდა ამ მოსმენის თაობაზე.
დღეს უკვე გადამდგარი უნდა იყოს ეს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი. ეს უსახო არსება, დღეს რომ უშიშროების შეფი გახდა, ლელუაშვილი თუ ლილუაშვილი. ის დღეს უნდა იჯდეს დაკითხვაზე და უნდა იყოს გადაყენებული, მინიმუმ, მაგრამ მივადგებით მაგათაც. ერთი მაგათ ვასწავლი მე, როგორ უნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლის შესრულება უშიშროებას. იმის ნაცვლად, რომ მუშაობდნენ უსაფრთხოებაზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგრადობაზე, იმ რეგიონში სადაც უკვე ომის ცეცხლი ტრიალებს და უამრავი ინტერესია, მათ შორის სადაზვერვო, მათ შორის უამრავი ქვეყნის. ამის ნაცვლად ქვეყნის უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორ გააყალბოს ბებია ეფროსინეს ხმები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელა ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.