შალვა ნათელაშვილი - გადახედეთ ამ ანთებულ ხალხს, წადით, გამოაცხადეთ ვადამდელი არჩევნები
შალვა ნათელაშვილი - გადახედეთ ამ ანთებულ ხალხს, წადით, გამოაცხადეთ ვადამდელი არჩევნები

გუშინ და დღეს თქვენი გმირული თავდადებით, ჩვენი ახალგაზრდობის უპრეცედენტო თავგანწირვით, საქართველო დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკურ ორბიტაზე წინა რიგებში და ის არასოდეს ამ ადგილს აღარ დატოვებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა. მან ხელისუფლებას გადადგომისკენ და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისკენ მოუწოდა.

„საქართველო წავა წინ იმ განვითარების გზაზე, რომელზეც ჩვენ აქამდეც უნდა გვევლო, მაგრამ ისტორიული ბედუკუღმართობით ეს ვერ მოხერხდა. მაგრამ როდესაც ვხედავ ამდენ ლამაზ სახეს, ასეთ ანთებულ ახალგაზრდობას, ერთად დამდგარ საქართველოს, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას დიდი გამარჯვება ელოდება წინ.

პოლიტიკურ პროგნოზებში, მოგეხსენებათ, იშვიათად ვცდები, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ, შიგნით ვარ პოლიტიკაში და პატარა ანალიზის უნარი მაქვს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის უკანასკნელი პოლიტიკური გაზაფხული. მისი ძირგამომპალი რეჟიმი ძალიან მალე დამთავრდება. მოვუწოდებ ივანიშვილსა და მის ძირგამომპალ რეჟიმს, გადახედეთ ამ ანთებულ ხალხს, აქ დგას სრულიად საქართველო, მათ შორის ჩვენი სისხლი და ხორცი, ვინც, მათი პოლიტიკის წყალობით, მსოფლიოს სხვა კონტინენტებიდან გვიყურებს. წადით, დატოვეთ ძალაუფლება, გამოაცხადეთ ვადამდელი არჩევნები, ეს არის თქვენთვის ერთადერთი გზა ხსნისა.

ეს ხალხი აქ შეიყარა, რა თქმა უნდა, იმ კანონის გამოც, რომლის მარაზმატიკობაში მსოფლიოს ეჭვი არ ეპარება. მაგრამ, ეს ხალხი, თქვენი სახით აქ მოვიდა იმის გამო, რომ არ აპატიოს რეჟიმს, აი, აქ თვალდათხრილი ახალგაზრდები. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავიწყოთ დიდი სასამართლო პროცესი რეჟიმზე, მის მეთაურზე, მის წარმომადგენლებზე და ეს სასამართლო პროცესი დავაგვირგვინოთ ისტორიის განაჩენით, როდესაც ამ კაბინეტებიდან ესენი სამუდამოდ წავლენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.