შალვა ნათელაშვილი - ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს ერთი ან ორი პროცენტი, უნდა მოთავსდეს სამკურნალო დაწესებულებაში
ამერიკის რესპუბლიკური ინსიტუტისა და NDI-ის კვლევა ყოველთვის არის მიკერძოებული, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით გაჟღენთილი. ეს ორგანიზაციები, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ემსახურებოდნენ ჯერ შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს, ახლა ივანიშვილს და მომავალში ვინც იქნება, შეეცდებიან, რომ მას მოემსახურონ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება უნდა დასრულდეს.
„უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკა და ეს ტაქტიკა ან აღნიშნულმა ორგანიზაციებმა გადაინაცვლონ სხვა განვითარებად, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, იქ, სადაც მეტი სამუშაო და გასაქანი ექნებათ.
IRI -სა და NDI-ის გამოკვლევა არის ყოვლად არაობიექტური ყოველთვის. ადამიანი რომ დაიჯერებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი პროცენტი, სულ მცირე, მას უნდა აეკრძალოს მუშაობა სოციალური გამოკვლევების დარგში ან მაქსიმუმ მოთავსდეს სამკურნალოდ გარკვეულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შინაური იქნება თუ გარეული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.