დავით მათიკაშვილი - IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს
დავით მათიკაშვილი - IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს

კვლევის შედეგების ცდომილების მიუხედავად, IRI-ის ​ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც საკმაოდ ობიექტური საფუძველი გააჩნია, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია. კითხვის თითქმის ყველა კვლევასთან მიმართებაში არსებობს, რადგან იყო 10-15 და 20 პროცენტიანი ცდომილებაც კი, კვლევის საგანსა და შემდგომ დამდგარ შედეგს შორის. ამის მიუხედავად, ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს. აქ 48 პროცენტზე არ არის საუბარი, საუბარია მოქალაქეთა გაცილებით დიდ პროცენტზე, რომელთა დღის წესრიგში კითხვა განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, კატეგორიულად არ ეთანხმება მოქალაქეების 42 პროცენტი, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18 პროცენტი. ოპოზიციის ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15 პროცენტი, მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა.