ირაკლი ქადაგიშვილი - IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ ამომრჩეველს რიგგარეშე არჩევნების სურვილი არ აქვს, მათთვის ბოიკოტი მიუღებელია, რადგან სხვა პრობლემები აწუხებთ
ირაკლი ქადაგიშვილი - IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ ამომრჩეველს რიგგარეშე არჩევნების სურვილი არ აქვს, მათთვის ბოიკოტი მიუღებელია, რადგან სხვა პრობლემები აწუხებთ

ამომრჩეველს არანაირი კონკრეტული სურვილი არ გააჩნია რაიმე სახის რიგგარეშე არჩევნების, მათთვის ბოიკოტი მიუღებელია და ამ კვლევებიდანაც ჩანს, რომ ამომრჩეველს სხვა პრობლემები აწუხებს, – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კვლევიდან მკაფიოა ამომრჩევლის ნება, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, პარლამენტში იმუშაონ.

„როცა მოსახლეობის 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იმუშაოს, 45-45-ზე რომ არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, სწორედ აქ არის კვლევის მეთოდიკა, რომელიც იძლევა ახალი ინსინოვაციებისა და ინსპირაციების აღძვრის საშუალებას. მკაფიოდ ჩანს, ამომრჩევლის ნება, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც მათ ხმა მისცეს, იმუშაონ პარლამენტში. როგორც იტყვიან, ახალი არჩევნები კარს მომდგარია. შემოდგომაზე არჩევნები გვექნება და ალბათ ყველას მოუწევს ამ არჩევნებისთვის მზადება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.