შალვა პაპუაშვილი - მოსახლეობა მხარს უჭერს იდეებს, რაზეც დგას „ქართული ოცნება” და არა ცალკეულ პირებს „ქართულ ოცნებაში“
შალვა პაპუაშვილი - მოსახლეობა მხარს უჭერს იდეებს, რაზეც დგას „ქართული ოცნება” და არა ცალკეულ პირებს „ქართულ ოცნებაში“

IRI-ის კვლევები იმ პერიოდში ჩატარდა, როცა გიორგი გახარია ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების” გუნდის ნაწილი იყო. ამიტომ, ეს რეიტინგი ამ განწყობებსაც ასახავს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე – „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია დაასახელა.

მისი თქმით, იქნება თუ არა „ქართული ოცნების” კონკურენტი, ამაზე ჯერ თავად გიორგი გახარია უნდა ჩამოყალიბდეს.

„ეს კვლევები იმ პერიოდში ჩატარდა, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების” გუნდის ნაწილი იყო. ამიტომ, ეს რეიტინგი ამ განწყობებსაც ასახავს. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების” კონკურენტი, ჯერ თავად გიორგი გახარია უნდა ჩამოყალიბდეს. რამდენიმე ზოგადი განცხადება მოვისმინეთ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით მის მხარეს საკითხი ნათელი ჯერ არ არის.

ვიცით, რა არის „ქართული ოცნება”, რა ღირებულებებზე დგას და როგორია მისი მხარდაჭერა მოსახლეობაში. ჩვენი მოსახლეობა მხარს უჭერს იმ იდეებს, რაზეც დგას „ქართული ოცნება” და არა ცალკეულ პირებს „ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ. კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.