შალვა პაპუაშვილი - IRI-ის კვლევის თანახმად, „ლელოს” რეიტინგი ერთ პროცენტზეა ჩამოსული, რაც მათ ხუთთვიანი უაზრო, არაპატრიოტული ქცევის შედეგად მიიღეს
შალვა პაპუაშვილი - IRI-ის კვლევის თანახმად, „ლელოს” რეიტინგი ერთ პროცენტზეა ჩამოსული, რაც მათ ხუთთვიანი უაზრო, არაპატრიოტული ქცევის შედეგად მიიღეს

ოპოზიციის ნაწილი პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მათი პოზიციაა რამენაირად ქვეყანაში სიტუაციის არევა. მათ საზოგადოების განწყობები კვლევების გარეშეც ძალიან კარგად იციან, სულ მცირე იმ მომენტიდან, როცა პირველი აქცია დაანონსეს და მათი მომხრეებიც კი არ მივიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევის თანახმად, „ლელოს” რეიტინგი ერთ პროცენტზეა ჩამოსული, რაც მათ ხუთთვიანი უაზრო, არაპატრიოტული ქცევის შედეგად მიიღეს.

„ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ აზრს არ იზიარებს, პირიქით, მოუწოდებენ, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს მოსახლეობა, ხალხი. მათი ერთადერთი მიზანია, დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ. ხედავენ, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ ამ ძალაუფლების მანდატს არ აძლევს და ამიტომ ცდილობენ, სხვა არადემოკრატიული მეთოდით ძალაუფლება გამოგლიჯონ ხელიდან მოსახლეობას. ეს არის მთელი ფაბულა, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ეს კვლევა ყველაზე კარგად „ლელოს” შედეგებს გამოხატავს – მათი რეიტინგი სამი პროცენტიდან ერთ პროცენტზეა ჩამოსული. ეს არის მთელი შედეგი, რაც მიიღეს ამ ხუთთვიანი აბსოლუტურად უაზრო, გაუმართლებელი, ეგოისტური და არაპატრიოტული ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი.