IRI - კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 18 პროცენტი
IRI - კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 18 პროცენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი.

არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.

ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27 პროცენტი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას – 26 პროცენტი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დატოვე კომენტარი