შალვა ნათელაშვილი - ჟოზეფ ბორელის განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის განცხადება არის მიუღებელი და ძალიან ჰგავს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას. მისი თქმით, „ეს ძალიან არასასიამოვნოა“.
ამასთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა, კრისტიან დანიელსონმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და საარჩევნო რეფორმა დააყენა.
„პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არჩევნების რიცხვის შემდგომი საკითხი და არც ერთ შემთხვევაში პირველი. ეს არის დოკუმენტირებული შემოთავაზება. ჩვენთვის მიუღებელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონ ბორელის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას. ამიტომ, ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, ურჩია თუ არა ოპოზიციას მედიატორმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, ნათელაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ თემით დაიწყო კონსულტაციები.
„სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შესვლით სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებით დაიწყო კვლავ ეს კონსულტაციები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველის პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამასთან, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.
შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე 16 მარტს განაცხადა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები, „შემიძლია გითხრათ, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია“.