შალვა ნათელაშვილი - არიან ელჩები საქართველოში, რომლებიც საეჭვო ფინანსურ კავშირებში იმყოფებიან ივანიშვილის რეჟიმთან, ერთ-ერთი ასეთია გერმანიის ელჩი
სამწუხაროდ, უკრაინის ელჩზე კონკრეტული არაფერი არ ვიცი, მაგრამ არიან ელჩები საქართველოში, რომლებიც საეჭვო ფინანსურ კავშირებში იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან. ერთ-ერთი ასეთია გერმანიის ელჩი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან საქართველოში გერმანიის ელჩი რამდენიმე თვის წინ პირადად ამხილა.
„მე პირადად ვამხილე ის რამდენიმე თვის წინ. გერმანიის ელჩი, რომელიც უყურებდა პარლამენტის შენობიდან, როგორ თხირდნენ ჩვენს შვილებს თვალებს და შემდეგ, მეორე დღეს აცხადებს, რომ ეს გამართლებული და ევროპული იყო. აბა, ეგ გაეკეთებინათ ბუნდესტაგთან, რა რეაქციებს მისცემდა გერმანელი ხალხი. როგორ შეიძლება ასეთი ელჩი აქ იყოს და მუშაობდეს. ეს არ არის საწველი ქვეყანა, მეწველი ქვეყანა, ჩამოვიდნენ ელჩებად, რომ ფული ავიღოთ რუსული ოლიგარქისგან, რათა შემდეგ გავაკეთოთ სულელური განცხადებები. სააკაშვილის განცხადებაზე ჰკითხეთ სააკაშვილს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.
სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.
„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.
უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება.