უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან
უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

უკრაინის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო პირები არიან, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციების. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია კომენტარში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ეხმაურება საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმეს.

„ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული შემთხვევა, როდესაც უკრაინელებს საზღვარგარეთ დასჭირდათ თავიანთი სახელმწიფოს დახმარება, იყო საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ ხომალდის დაკავება, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა უკრაინის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი. ამ საქმეში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით უმოქმედობის ბრალდებები უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს შორის არის. მათ გასათავისუფლებლად საელჩომ ჩაატარა მრავალი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი საელჩოს კონსული დაეხმარა დაკავებული უკრაინელების ახლობლებთან დაკავშირების უზრუნველყოფაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში უკრაინის საელჩომ გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და წარადგინეს შუამდგომლობა, რომ თავდებად დაუდგნენ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს.

უკრაინელი დიპლომატები მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რადგან უკრაინული სახელმწიფო არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარა.

ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართელოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით უნდა მოეწყოს.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.