სევილიაში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
სევილიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთს მძიმე დაზიანებები აქვს. ინფორმაციას ანდალუზიის სამაშველო სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
ესპანეთის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, მატარებლის რელსებიდან გადავარდნა უამინდობამ გამოიწვია. შემთხვევა მალაგასა და სევილიას შორის მონაკვეთზე მოხდა, სადაც იმ მომენტისთვის ძლიერი წვიმა იყო.
გასულ წელს, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ გალისიასთან მატარებლის გადავარდნას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 47 დაშავდა. ყველაზე მძიმე შემთხვევა კი, ასევე გალისიაში მოხდა, როცა ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. მაშინ შემთხვევას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.