„ბარსელონამ“ „სევილიასთან“ საქმიანი ურთიერთობები გაწყვიტა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „სევილიასთან“ საქმიანი ურთიერთობები გაწყვიტა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ გამოაცხადა საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ „სევილიასთან“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა, გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები კლუბებს შორის მატჩზე და ამის მიზეზად „ნეგრეირას საქმე“ დაასახელა.

პარასკევს „სევილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბის ხელმძღვანელები არ იქნებიან „ბარსელონას“ სტადიონის VIP-ლოჟაში ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩის დროს კატალონელების მექრთამეობაში დადანაშაულების გამო.

„„Ბარსელონას“ სურს, საჯაროდ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება „სევილიას“ მხრიდან დაუსაბუთებელი და უადგილო შეტევის მიმართ. ე.წ. „ნეგრეირას საქმე“ არ შეიძლება იყოს გამართლება ამგვარი საქციელისთვის, რადგან სასამართლო პროცედურა გამოძიების მეტად ნაადრევ ეტაპზეა, ხოლო „სევილიას“ პოზიცია აშკარად ამყარებს ფაქტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული.

ამ მიუღებელი და დაუსაბუთებელი პოზიციების გამო, „ბარსელონა“ წყვეტს ყველანაირ ურთიერთობას „სევილიასთან“ იქამდე, სანამ ის არ შეცვლის თავის ამჟამინდელ პოზიციას“, – წერია კატალონელთა განცხადებაში.

28 სექტემბერს „ბარსელონას“ ბრალი წაუყენეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენრიკეს ნეგრეირას მოსყიდვაში.

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის პირველ მატჩში პარასკევს 1:0 დაამარცხა „სევილია“. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში სერხიო რამოსმა გაიტანა.