სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ციხის ყოფილი ექიმი დაიკითხა
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ციხის ყოფილი ექიმი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი პატიმრის სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან.

საქმეზე ერთ-ერთ მოწმედ დაიკითხა ციხის ყოფილი ექიმი გელა ბესელია.

მისი თქმით, კარანტინიდან გამოიძახეს, რომ პატიმარი ცუდად იყო. მისივე განცხადებით, იქ იყვნენ ოლეგ ფაცაცია, ასევე ორი პატიმარი.

როგორც ციხის ექიმმა აღნიშნა, პაციენტი იყო კომატოზურ მდგომარეობაში და სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება სჭირდებოდა.

„ვთქვი, რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. გაფორმდა შესაბამისი აქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ გადაყვანა მოხდა ჯანმრთელობის გარემოებების გამო. მე ვადგენდი აქტს, რომ კარანტინიდან მოხდა მისი გადაყვანა, თუმცა, მიმითითეს, რომ სხვა საკანი დამეწერა. ეს იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი“, – განაცხადა გელა ბესელიამ.

მისივე თქმით, დროის სიმცირისა და პაციენტის კომატოზური მდგომარეობიდან გამომდინარე, მან ვერ შეძლო პაციენტის ვიზუალური დათვალიერება.

თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ასევე დაიკითხა გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა, მეტსახელად ბასტი.