ბორის ფარულავა - თეთრაძეს და გორელაშვილს აჩვენეს პატიმრების სქესობრივი კავშირის კადრები და დაემუქრნენ, იგივე გელითო
ბორის ფარულავა - თეთრაძეს და გორელაშვილს აჩვენეს პატიმრების სქესობრივი კავშირის კადრები და დაემუქრნენ, იგივე გელითო

სერგო თეთრაძე მაშინდელი ავადსახსენებელი რეჟიმის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოწმედ დაკითხვისას გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ბორის ფარულავამ, მეტსახელად ბასტიმ, განაცხადა.

ბორის ფარულავა, იგივე ბასტი 2012 წელს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იყო.

როგორც დღევანდელ პროცესზე ბორის ფარულავამ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, სერგო თეთრაძეს  ჯაშუშობას ედავებოდნენ, მაგრამ ის არ აღიარებდა და ამიტომ კონტროლქვეშ იყო.

„სერგო თეთრაძე თუ სადმე გადაადგილდებოდა, ხელმძღვანელობის ყურადღების ქვეშ იყო და მაშინდელი ავადსახსენებელი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. როგორც ვიცი, გარეშე პირებმაც აწამეს ერთ-ერთი გაყვანის დროს, მეც ვიყავი იქ. უფროსობა ჩამოვიდა –  მუხაძე, ყაჭეიშვილი და კიდევ უცნობი პირები. გვითხრეს, რომ მიგვეტანა ქამარი და თასმები. ამის მერე ციხიდან,  გვერდით კარიდან გაიყვანეს დირექტორის მანქანით. არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ სამხედრო პოლიციაში გაიყვანეს“, – განაცხადა ბორის ფარულავამ.

მისი თქმით, თეთრაძის საქმეზე იყო კიდევ ერთი დაკავებული გორელაშვილი, რომელზე მეთვალყურეობაც ფარულავას განცხადებით, ვიქტორ ყაჭეიშვილმა მას დაავალა.

როგორც დაკითხვაზე ბორის ფარულავამ აღნიშნა, თეთრაძეს და გორელაშვილს აჩვენეს პატიმრების სქესობრივი კავშირის კადრები და დაემუქრნენ, „თუკი დანაშაულს არ აღიარებთ, თქვენც იგივე გელითო“.

„შემდეგ შეიყვანეს თეთრაძე ამ კამერაში და ისმოდა გამწარების ხმები. ამის მერე გორელაშვილმა სცადა თვითმკვლელობა სათვალის შუშით. ამასობაში მე დავიწყე ყვირილი, თავს იკლავს-მეთქი და გამოვარდნენ თანამშრომლები, დირექტორიც. თეთრაძის წამებას იღებდა დირექტორი და სხვებს ეუბნებოდა, ხომ ხედავთ, რა შეგვიძლიაო, ამაყობდა. მერე უცებ გაისმა ყვირილი – ექიმო, მგონი შემოაკვდათო“, – აცხადებს ბორის ფარულავა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ექიმი გამოიძახეს. როგორც ფარულავა აცხადებს, მან ნახა პატიმარი, რომელიც ნაცემი იყო და შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი.

„მერე ორი პატიმარი გამოიძახეს, რომ გადასვენებაში მოხმარებიდნენ საკაცით. მეც მოვკიდე ხელი და გადასვენებაში მივიღე მონაწილეობა. ამის შემდეგ დამიბარეს, გამომძიებელიც იყო იქ და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, მაგრამ არ წამიკითხავს, რა ეწერა. მე ვიცი, როგორ უნდოდათ შეთითხვნა ამ საქმის, უნდოდათ თქმა, რომ წამების შედეგად არ გარდაცვლილა, ვითომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. არადა, სიმართლე სულ სხვა იყო”, – განაცხადა ბორის ფარულავამ თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე .