სერგო თეთრაძის საქმის მოწმე - ბაჩო ახალაიამ იარაღი პირში ჩამიდო და მიყვიროდა, ღალატი აღიარეო
სერგო თეთრაძის საქმის მოწმე - ბაჩო ახალაიამ იარაღი პირში ჩამიდო და მიყვიროდა, ღალატი აღიარეო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. საუბარია მეგის ქარდავას მიმართ ბრალდებაზე, რომელზეც მეორე ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

კერძოდ, გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების ჩვენები,  მათ შორის დავით ლონდარიძის ჩვენებაც, რომელიც თეთრაძესთან ერთად დაკავებული იყო ჯაშუშობის ბრალდებით. ოქმში ლონდარიძე  პატიმრობისა და  წამების დეტალებს იხსენებს.

“შემიყვანეს ოთახში და ბაჩო ახალაის უთხრეს, რომ მე ვიყავი მოღალატე. ამოიღო იარაღი, ჩამარტყა და მითხრა, პირი გააღეო. ჩამიდო იარაღის ლულა და მიყვიროდა, ახლავე აღიარე, თორემ მოგკლავო. მერე გამიყვანეს იქითა ოთახში და მცემეს. როდესაც იარაღის ლულა პირში მედო, რომ მცოდნოდა დატენილი იყო, ვასროლინებდი, რათა ჩემი წამება დასრულებულიყო”,- წერია ლონდარიძის ჩვენებაში.

როგორც ჩვენებიდან ირკვევა, ლონდარიძეს ერთ-ერთ ოთახში მეგის ქარდავა გაუპატიურებით დაემუქრა, რის შემდეგაც ის დათანხმდა, ეღიარებინა მოგონილი ბრალდება.

“როცა ვაღიარე, აირჩიეს სამი კაცი, რომლებიც თითქოს ჩემთან ერთად ჯაშუშობდნენ. მითხრეს, თითქოს თეთრაძის აგენტი ვიყავი და ინფორმაციას ვაწვდიდი. მითხრეს, გვარი მოიგონეო და ვთქვი ჟუკოვი, თითქოს 1992 წელს გადამიბირა ჟუკოვმა და რუსეთის აგენტი ვიყავი”,- წერია ჩვენებაში.

პირველი არხი თავს იკავებს ჩვენების იმ მონაკვეთის ციტირებისგან, სადაც გაუპატიურების მუქარაა აღწერილი.