სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას დაცვის წევრი დაიკითხება
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას დაცვის წევრი დაიკითხება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას დაცვის წევრი დაიკითხება.

მოწმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში იკითხება. ადვოკატის განმარტებით, დაცვის წევრი დაადასტურებს, რომ ბაჩანა ახალაია გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში პოლკოვნიკის იქ ყოფნის პერიოდში არ მისულა.

პროკურატურის მტკიცებულებების მიხედვით კი, თეთრაძის წამება სწორედ ახალაიას ორგანიზებით მოხდა.

ამ ეპიზოდზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბრალი სამ პირს წაუყენა. ბაჩო ახალაიას, რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო, პროკურატურა თადარიგის პოლკოვნიკის წამებას ედავება, მის მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას.

სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 23 სექტემბერს კი ციხეში გარდაიცვალა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე დაიწყება.