სერგო რატიანი - კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნილიყო, რადგან პროექტიდან ლიბერალური ღირებულებები ამოღებულია
ჩემი მოწოდება იყო, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილიყო, რადგან პროექტიდან ლიბერალური ღირებულებები ამოღებულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საკითხის მოხსნას არ დასთანხმდა, იყო კენჭისყრა და პირველი მოსმენით ჩავარდა. ლიბერალური ღირებულებები, როგორც სწავლების მიზნები დარჩება კანონში. ის, რომ შეიცვლებოდა, სიტყვაზე არ ვენდობით, რადგან არაერთხელ მოგვატყუეს. ეს იყო არსებითი საკითხი. უკრი ქანთარია ამტკიცებდა, რომ სიტყვა „ლიბერალურმა“ სხვა მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ასეთი ლექსიკონი სამყაროში არ არსებობს, რაც ამას ადასტურებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 18 პარლამენტარი, საჭირო იყო 68 დეპუტატის მხარდაჭერა.
კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.