გია ვოლსკიმ პარლამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა პანდემიის პირობებში გამოწვევას კარგად გაართვა თავი
გია ვოლსკიმ პარლამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა პანდემიის პირობებში გამოწვევას კარგად გაართვა თავი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრებს მოუწოდა, პირბადეები ატარონ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პარლამენტმა პანდემიის პირობებში გამოწვევას საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

ვოლსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტექნიკურ პერსონალს.

„მეგობრებო, გთხოვთ, პირბადეები ყველამ გაიკეთეთ. მოკლე განცხადების დროს შეიძლება თავს უფლება მივცეთ. საკმაო პაუზა გვქონდა, ვიდრე ისევ შევუდგებოდით მუშაობას, პარლამენტმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სერიოზულ გამოწვევას საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

პირადი მაგალითითაც, დისციპლინირებულობით და მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ტექნიკურ პერსონალს, დიდ აპარატს, დამლაგებლებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მაღალ დონეზე ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. ჩვენ დღემდე მოვედით მშვიდობით და იმედია, გავაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპასუხოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს შეეძლო, გაეკეთებინა გაცილებით მეტი, რათა ქვეყანა წინ წასულიყო.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა. პირიქით, გაზრდილი არის სიღარიბე. დამლაგებლებს და პერსონალს, მართლაც დიდი მადლობა ყველას. პარლამენტის პერსონალს დიდი მადლობა ამ ოთხი წლისთვის. ჩვენ შეგვეძლო, მეტი გაგვეკეთებინა, მით უმეტეს, უმრავლესობას“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

დატოვე კომენტარი