სერგო რატიანი - აუცილებელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი შესრულდეს, ამის შემდეგ ჩავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესში
სერგო რატიანი - აუცილებელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი შესრულდეს, ამის შემდეგ ჩავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, ოპოზიციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისივე თქმით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე არ არსრულებს.

„შესაბამისად, რაც ვთქვით პირველივე დღიდან, ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულება – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილებაც არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია, რომ შესრულდეს პირველი პუნქტი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შემდეგ უკვე ჩავერთვებით ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილების პროცესში, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა რატიანმა.

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელისუფლების მხრიდან ჩაშლა ემუქრება.

„მთელი მსოფლიო ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას, მერიტოკრატიულ, გადაბერებულ ხელისუფლებას, რომელიც ფაქტობრივად ტყუილს იძახის. როდესაც შენ გყოფნის იმის სინდისი, რომ თქვა თეთრზე შავიო ან შავზე თეთრიო, მაშინ როდესაც ყველა აღიარებს სხვა ვითარებას, ეს არის ძალიან მძიმე სანახავი.

არაფერი ისე არ აზიანებს ქვეყანას, როგორც პოლიტპატიმრების ყოლა. პოლიტპატიმრები ნიშნავს, რომ ეს არის დაბრუნება საბჭოთა კავშირში, უკან, ავტორიტარულ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე დამაზიანებელი, რაც შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პროცესის დროს.

ოპოზიციისგან თანხმობა იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაგვიჭიროთ, ნებისმიერი რამე გააკეთოთ, ქგონდეთ რეპრესიები, იყოს ზეწოლა ადამიანებზე, ეს არის დაუშვებელი. როდესაც პოლიტიკური ფიგურა არის დაჭერილი და ამას ბედავს ხელისუფლება, როდესაც ბედავს იმას, რომ ვიღაცას ჩაუდოს იარაღი და დაიჭიროს, რა განცდა უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, როგორი განცდა უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, რამდენად შეიძლება  იყოს ის დაცული. შესაბისად, ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული პირი არის დაკავებული, ჩვენ ამით ვიცავდით თითოეულ მოქალაქეს, რაც არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სერგო რატიანმა.