სერგი კაპანაძე - წლების განმავლობაში ჩვენი ამოცანა იყო, დავით გარეჯის ის ნაწილიც, რომელიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლდება, შეთანხმების გზით ჩვენი ყოფილიყო
ორ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს წირავენ ციხისთვის, რადგან სურთ წარმოაჩინონ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, თითქოს, გაყიდეს დავით გარეჯი და ამით უნდათ წინა ხელისუფლებას ტალახი ესროლონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დავით გარეჯის საზღვრის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესში მხოლოდ ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით არჩევნებში გამარჯვება შედის.
„არანაირი შეხება ამ საქმეს დავით გარეჯთან არ აქვს და წერტილი. ეს არის თემა, როდესაც ორ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს წირავენ ციხისთვის, რადგან სურთ წარმოაჩინონ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, თითქოს, გაყიდეს დავით გარეჯი, რითაც უნდათ წინა ხელისუფლებას ტალახი ესროლონ. არად დაგვიდევენ იმას, რომ ამის გამო უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან და შესაძლოა, ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები შეემნათ. ასევე არად დაგვიდევენ, რომ ამით ჩვენი ევროვნული ინტერესები ილახება და გაცილებით სუსტები ვიქნებით მომავალში აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ეს ყველაფერი ივანიშვილს არ აინტერესებს, მას აინტერესებს მხოლოდ არჩვენებში გამარჯვება ნებისმიერი ინატრუმენტის გამოყენებით.
აზერბაიჯანთან ურთიერთობებში საქართველოს არასოდეს პრობლემები არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი, განსაკუთრებით გარეჯის მონაკვეთზე, იყო შეუთანხმებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი, დავით გარეჯი, რომელიც არის საქართველოს კუთვნილება, რომელიც საქართველოსია ისტორიულად, იურიდიულად და გინდაც მორალურად, რა კრიტერიუმიც არ უნდა ავიღოთ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, თუმცა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მცირე ნაწილი ამ ტერიტორიის კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ, ეს არის ფაქტი. ივანიშვილმა ახლა რაც არ უნდა იძახოს, ეს ასეა და ყველამ იცის. ჩვენი ამოცანა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, მოლაპარაკებების გზით მივსულიყავით იქამდე, რომ ის ნაწილიც, რომელიც კონტროლირდება აზერბაიჯანის მიერ, შეთანხმების გზით ყოფილიყო ჩვენი. ამას ამ პროცესმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ახლა ისე აღმოჩნდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც გაყიდა და რაღაც დაუთმო აზერბაიჯანს. ეს არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შვიდ ოქტომბერს დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.